რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.
ის ფაქტს რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერას უკავშირებს.
“ჯონსონი ფსკერისკენ მიმავალი გემიდან გაიქცა და ფსონი საკუთარ კარიერაზე გააკეთა. ამ ჯერად თანაგუნდელებმა მას იგივე გაუკეთეს. და თან როგორ გაუკეთეს. ისტორიის მორალი ასეთია – ნუ ეცდებით რუსეთის განადგურებას. რუსეთის განადგურება შეუძლებელია, მხოლოდ კბილებს მოიმტვრევთ და დაიხრჩობით… ყველა კარგად ხვდება, რომ ლიბერალური რეჟიმები ღრმა პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისში არიან”, – თქვა ზახაროვამ.
ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა – ახალი პრემიერის დანიშვნამდე ის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
გადადგომების სერია სამშაბათს საღამოს დაიწყო და პროცესი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით, რადგან აღმოჩნდა, რომ მას დაავიწყდა, რომ პინჩერის მანამდე ჩადენილი “არასათანადო” ქცევის შესახებ მის დანიშვნამდე ინფორმაცია მიაწოდეს.