ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით იტალია მსოფლიოში მესამე ქვეყანაა. დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი აქ ყოველდღიურად იზრდება. დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით, ვირუსით 3 ათასამდე ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რიცხვი 85 ათასს აღემატება, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 40 ათასს აღწევს. საჰაერო მიმოსვლა იტალიასთან საქართველოს მთავრობამ არ შეწყვიტა, თუმცა ავიაკომპანიებმა ფრენის სიხშირე შეამცირეს. ჩვენს ქვეყანაში ამ დრომდე 3 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, რომელთა შორის ერთი იტალიაში მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებული იყო.
საქართველოს მოქალაქეები იტალიაში საელჩომ რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა. მითითებები და რეკომენდაციები საელჩოს მთავარ გვერდზე დაიდო, თუმცა ჩვენი რესპოდენტები ყვებიან, რომ მათ ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებებიდან და მედიასაშუალებებიდან მიიღეს შესაბამისი ინფორმაცია და საქართველოს საელჩოს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაია ჩალიგავა “ფორტუნასთან” ყვება, რომ 19 წლის განმავლობაში რაც ის იტალიაში ცხოვრობს, საქართველოს საელჩოსგან არანაირი ყურადღება არ მიუღია. ამბობს, რომ მოქალაქეებს საელჩოს ცხელ ხაზზეც არ პასუხობენ. მისი განმარტებით, იტალიის სამხრეთ რაიონში კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა არ არის, თუმცა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამოქმედებულია მსოფლიო ჯანდაცვის მიერ დადგენილი რეკომენდაციები.
“შფოთი აქაც არის, თუმცა მთავარია ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. პრევენციის მიზნით დროებით შეწყდა სწავლის პროცესი. კულტურული ღონისძიებები არ იმართება. მაგრამ აღნიშნული მდგომარეობა არ შეიძლება შევადარო პანიკას. ჩვეულებრივად მუშაობს ყველაფერი. ღიაა მაღაზიები, ხალხი მოძრაობს ქუჩაში, სეირნობენ, დადიან საყიდლებზე და მათ შორის არავის არ უკეთია პირბადე.
რაც შეეხება საქართველოს საელჩოს იტალიაში, გეტყვით, რომ 19 წელია აქ ვარ და მათი მხრიდან ყურადღება მე არ მახსოვს. არიან უმოქმედოები და ასე აგრძელებენ. არანაირ საკითხს აქ ვერ აგვარებენ. უბრალოდ სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ. თუნდაც გკლავდნენ, მათი იმედი ნულია. საკუთარ უფლებებს ვერ იცავენ ქართველი ემიგრანტები”, – აცხადებს “ფორტუნასთან” მაია ჩალიგავა.
მისი თქმით, სამხრეთ იტალია ახალი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების ადგილად არ ითვლება, ამიტომ ნეაპოლის მახლობლად ქალაქ აველინოს მოსახლეობა ჯერ კიდევ მშვიდი ტემპით ცხოვრობს. ქართველი ემიგრანტი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას არ აყვნენ პანიკას და შეინარჩუნონ სიმშვიდე.