LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური კინოს მერვე მსოფლიო კვირეული იწყება!

421
იტალიური-კინოს-მერვე-მსოფლიო-კვირეული-იწყება!

იტალიური კინოს მერვე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით იმართება და ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია, იტალიის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალ „თაობასთან“ და საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, გთავაზობთ სამი იტალიური ფილმის ჩვენებას, რომელიც კინოს სახლის დარბაზში გაიმართება:

1 ივლისს ნაჩვენები იქნება ცნობილი იტალიელი მსახიობისა და სცენარისტის ჯულია შტაიგერვოლტის სადებიუტო ფილმი „სექტემბერი“ (2022) ფაბრიციო ბენტივოლიოს, ბარბარა რონკის, ტონის, ანდრეა სარტორეტისა და ტეზა ლიტვანის მონაწილეობით. სხვადასხვა კინემატოგრაფიული ჯილდოს, მათ შორის, “ვერცხლის ფირისა” და “დონატელოს დავითის” მფლობელი ფილმი მოგვითხრობს ადამიანის ბუნების შეცნობასა და ნამდვილი ადამიანური ურთიერთობების ძიებაზე.

2 ივლისს მაყურებელი იხილავს ჯინევრა ელკანის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს „ნეტავ“ (2019), სადაც მთავარ როლებს რიკარდო სკამარჩო, ალბა რორვახერი, მილო რუსელი, ეტორე ჯუსტინიანი და ორო დე კომარკი ასრულებენ. ფილმი გვიამბობს ერთიან და იდეალურ ოჯახზე მეოცნებე სამი ბავშვის თვალით დანახულ ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებიც უნაკლონი არ არიან.

3 ივლისს გაიმართება ჯორჯა ფარინას ფილმის „რომანტიკული მოგზაურობა მიკარგულ ადგილებში“ (2020) ჩვენება. იტალიელი რეჟისორის მესამე სრულმეტრაჟიანი კინოსურათი, სადაც კლივ ოვენი, იასმინ ტრინკა, ირენ ჟაკობი, ანდრეა კარპენცანო, ტეკო ჩელიო და ედოარდო გაბრიელინი მონაწილეობენ, მოგვითხრობს ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანის ევროპაში მოგზაურობაზე, რომლის მიზანი მიკარგული ადგილების მოძიება, საკუთარი თავის შეცნობა და სიცოცხლის სურვილის ხელახლა აღმოჩენაა.

ფილმები ნაჩვენები იქნება იტალიურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით. კინოჩვენების ადგილი: კინოს სახლის დარბაზი, დასაწყისი: 19:00სთ.

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g