LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუნესკოს წყლის ინსტიტუტი ქართველ სტუდენტებს სტიპენტიის მიღების საშუალებას აძლევს

71

იუნესკოს წყლის ინსტიტუტი ქართველ სტუდენტებს სტიპენტიის მიღების საშუალებას აძლევს – ამის შესახებ ჰააგაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს წყლის ინსტიტუტის რექტორმა განაცხადა. ფრიც ჰოლცვარტის თქმით, ექვსმა ქართველმა სტუდენტმა იუნესკოს წყლის ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა და ინსტიტუტი მზადაა ქართველ სტუდენტებს კვლავ  მისცეს საშუალება  სტიპენდია მიიღონ და  მათთვის სასურველი სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამები გაიარონ.

იუნესკოს წყლის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ყურადღება საქართველოში მელიორაციის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობები გაორმაგდა.

შეხვედრაზე მხარეებმა წყლის ინსტიტუტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, ირიგაციის, დრენაჟის, ასევე, კლიმატგონივრული სისტემების დანერგვის მიმართულებები და ამ პროგრამებში ქართველი მკვლევარებისა და სტუდენტების ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ჰააგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი იუნესკოს წყლის ინსტიტუტის რექტორს, ფრიც ჰოლცვარტს,  პროფესორებს ლასლო ჰაიდისს და შარლოტ ფრეტურს შეხვდა. ინსტიტუტში გამართულ შეხვედრას საქართველოს  სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g