LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNESCO გელათზე: მოხატულობების და ქვების დაზიანებები ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას ლახავს

71
გელათის მონასტერი

იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიამ გელათის შესახებ დადგენილება მიიღო. დოკუმენტის ზოგად ნაწილის თანახმად, გელათს, სათანადო პროფესიული უნარების ან მასალების ნაკლებობის გამო, შეუსაბამო, ძეგლის უნივერსალური ღირებულების დამაზიანებელი რესტავრაცია ჩაუტარდა.

იუნსეკო-ს ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადახურვების სარესტავრაციო სამუშაოებით მიყენებული ჯერაც მიმდინარე დაზიანება, რაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ეკლესიების მოხატულობას და ქვას მიადგა, ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას ლახავს.

იუნესკო ძეგლის მართვის მექანიზმის არარსებობასაც ხაზს უსვამს და წერს, რომ საქართველოს მმართველმა გუნდმა იუნესკოს კომიტეტის გასული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, მრავალი მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა, ქონების მართვის მენეჯმენტისა და მონიტორინგის ჩათვლით.

თუმცა, ამასთანავე,  იუნესკოს შეფასებით, ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, წარმატებული არ ყოფილა.

„ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით დააზიანა, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები მარიამ ღვთისმშობლის ტაძრის დროებით გადახურვასთან დაკავშირებით, ასევე მისასალმებელია, მაგრამ საჭიროა გამოსავალი, რომელიც ეკლესიის ხელახლა გადახურვის საშუალებას მისცემს.

იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი სახელმწიფოსგან ითხოვს:

იმგვარი დროებითი გადახურვის მოწყობას ორივე ტაძრისთვის, რაც უწყვეტი საკონსერვაციო სამუშაოების წარმოების საშუალებას შექმნის და დაიცავს ნესტის შეღწევის რისკისგან;

დადგენილების მოთხოვნებში ასევე ნათქვამია:

ძეგლის კონსერვაციის პროგრამისა და მონიტორინგის ინდიკატორების შემუშავება;
ძეგლის მართვის გეგმის ამოქმედება მისი შეფასებისა და განახლების შემდგომ;
ძეგლის მართვის კომიტეტის შექმნა;
მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზება, ძეგლის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოკლე და საშუალოვადიანი ღონისძიებების განხორციელებისთვის დახმარების ჩათვლით.
აღნიშნულია, რომ ძეგლთან მიმართებით გაუგებარია საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ფუნქცია და მოთხოვნილია მისი ქმედითუნარიანობის ასახვა კომიტეტისადმი წარსადგენ შემდეგსავე ანგარიშში;

დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ გელათთან დაკავშირებული ყველა მითითებული ღონისძიება იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან უნდა შეთანხმდეს.

დადგენილების შესაბამისი ღონისძიებების ამსახველი ანგარიში კომიტეტის 45-ე სესიაზე იქნება განხილული, წარდგენის ვადა კი, 2022 წლის 1 თებერვალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები