იუსტიციის სახლი ერთ-ერთი სოციალური პროექტის წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ 25-ლარიანი ვაუჩერი პაკეტის მხოლოდ ერთი ნაწილია და არა დახმარებას, არამედ საჩუქარს წარმოადგენს.
„იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 25-ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებითვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა. ინფორმაციისთვის, პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს: სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში – „ფარმადეპოსა“ და „ჯპს-ის“ ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.