LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ქართული ენის უფასო ონლაინ კურსები დაიწყო – სახალხო პლატფორმა

936
ქრისტინე-ჯალაღონია

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ქართული ენის უფასო ონლაინ კურსები დაიწყო – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტესტის შექმნის დეპარტამენტის უფროსმა ქრისტინე ჯალაღონიამ ისაუბრა. 

ვისთვის არის განკუთვნილი ქართული ენის შემსწავლელი კურსები?

ქართული ენის ონლაინ კურსი არის უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. კურსის გასავლელად საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრის პლატფორმაზე – www.eacademy.tcj.gov.ge , რომელიც სპეციალურად, დისტანციური სწავლებისთვის შეიქმნა.

სასწავლო პროგრამა 20 გაკვეთილს მოიცავს, რომელთაგან, პირველი სამი ეთმობა ქართული ანბანის შესწავლას. შესაბამისად, კურსის გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც ქართულ ენასთან შეხება არასოდეს ჰქონიათ.

თითოეული გაკვეთილი ორი ნაწილისგან შედგება: პირველ ნაწილში მოცემულია დიალოგი, რომელიც ასახავს ყოველდღიურ სიტუაციებს, მაგალითად: სუპერმარკეტში, სასტუმროში, ბანკსა თუ იუსტიციის სახლში მომსახურების მიღებას, ექიმთან კონსულტაციას, მეგობრის მოკითხვას, საკუთარ გატაცებაზე საუბარს, მოგზაურობის დაგეგმვას და ა.შ.

ამასთან, ყველა გაკვეთილი მოიცავს ენობრივი ერთეულების აკადემიურ სწავლებას, კერძოდ, გრამატიკულ და ლექსიკურ სავარჯიშოებს, რომლებიც მზარდი სირთულით არის განაწილებული.

კურსის შინაარსი ოთხ ენაზე არის ხელმისაწვდომი: ინგლისურად, სომხურად, აზერბაიჯანულად და უკრაინულად.

როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ სასწავლო პლატფორმაზე?

რეგისტრაცია მოიცავს მომხმარებლის შესახებ შემდეგი ინფორმაციის მითითებას: ელექტრონული ფოსტის მისამართი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და სქესი.

აღსანიშნავია, რომ სახელისა და გვარის გრაფაში პირმა უნდა მიუთითოს ოფიციალური სახელი და გვარი. აღნიშნული მონაცემი გამოყენებულ იქნება კურსის სერტიფიკატის შექმნისთვის. თუ იუსტიციის სასწავლო ცენტრი ვერ დარწმუნდება სახელის ან გვარის ნამდვილობაში, სერტიფიკატი არ გაიცემა.

როცა საქმე ენის შესწავლას ეხება, ყველას აინტერესებს ენის ფლობის რომელ დონეს შეესაბამება სასწავლო კურსი და რა სახის სერტიფიკატი გაიცემა?

კურსი მიზნად ისახავს ქართულ ენაზე საუბრის შესწავლას, რათა დაინტერესებულმა პირებმა დაბრკოლების გარეშე შეძლონ ყოველდღიური საქმიანობისა თუ ურთიერთობების წარმართვა, სახელმწიფო სერვისის მიღება და პროფესიული განვითარება. აღნიშნული კურსისთვის კონკრეტული დონე მითითებული არაა. ვასწავლით საბაზისო-საკომუნიკაციო ენას, თუმცა სახელმძღვანელო, რომელსაც პროგრამა ეფუძნება A2 დონეს შეესაბამება.

კურსის სრულად გავლის შემდეგ, მომხმარებელი იღებს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შესაბამისად დამოწმებულ, კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

რა გამოცდილება აქვს იუსტიციის სასწავლო ცენტრს ქართული ენის სწავლების მიმართულებით?

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი არის საჯარო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული უნარების განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

უშუალოდ ქართული ენის სწავლებაში იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2015 წლიდან არის ჩართული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოქალაქეებს ქართული ენის უფასო კურსებს სთავაზობს. 2015 წლიდან კურსები ჩატარდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ შემდეგ პუნქტებში: ფოკა, სართიჭალა, ყვარელწყალი, კაბალი, სადახლო, კაზრეთი, იორმუღანლო, მარნეული. შედეგად, კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი 300 – მდე ადამიანმა მიიღო.

ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული გამოცდილება და ანალიზის შედეგად, შევქმენით ბევრად მოქნილი, დახვეწილი და ეფექტიანი 

კურსი, რომელიც ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

რას მიიჩნევთ ონლაინ კურსის უპირატესობად? 

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ქართული ენის ბევრი სასწავლო ცენტრი..

ჩვენი კურსი არის სრულიად უფასო, რაც იმას ნიშნავს, რომ ენის შესასწავლად საკმარისია მხოლოდ რეალური სურვილი. ონლაინ თვითმასწავლებელი კურსის შექმნა არის ის გამოსავალი, რომელიც ქართული ენის შესწავლას ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი პირისთვის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სწავლება ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესით არ არის შეზღუდული. ცენტრის მიერ შექმნილი კურსი ქართული ენის შესასწავლი უნივერსალური წყაროა, ხოლო ონლაინ პლატფორმა ერთდროულად შეუზღუდავი რაოდენობის მომხმარებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ცენტრის ინიციატივა ვერ განხორციელდებოდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და კოლეგა უწყებების შესაბამისი მონაწილეობის გარეშე, ამიტომ, გვსურს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადოთ გერმანიის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას, აგრეთვე, ციფრული მმართველობის სააგენტოს დისტანციური სწავლების პლატფორმის – eacademy.tcj.gov.ge შექმნისთვის.

ვინ არის ქართული ენის კურსის ძირითადი სამიზნე ჯგუფი?

ონლაინ კურსის შექმნით იუსტიციის სასწავლო ცენტრი პასუხობს საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი პირებისა (ეთნიკური უმცირესობები) თუ საქართველოში ლტოლვილისა თუ სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების ამჟამინდელ საჭიროებას – შეისწავლონ ქართული ენა საკომუნიკაციო დონეზე და შეძლონ ყოველდღიურ საქმიანობისა თუ ურთიერთობების წარმართვა ქართულ ენაზე.

კურსის შესაძლო ბენეფიციარებს წარმოადგენენ: საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები; სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორების წარმომადგენლები; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები; საქართველოში მცხოვრები უკრაინელები; საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის მქონე პირები; ქართული კულტურით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ქართული ენის ფლობის დონის შესაფასებელ გამოცდაზე მომართვიანობის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ქართული ენის შესწავლის ინტერესი აქვს არამხოლოდ საქართველოს არაქართულენოვან მოსახლეობას, არამედ დიასპორების წარმომადგენლებს, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სამშობლოსთან კავშირის ამ გზით შენარჩუნება, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მოხალისეობისთვის ან სხვა მიზნით ჩამოდიან.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენი კურსი მაქსიმალურად მორგებულია სამიზნე აუდიტორიას?

დიახ, კურსის მონაწილე საკუთარი ტემპით, მისთვის კომფორტულ სივრცეში სწავლობს ქართულ ენას. მიწოდებული ინფორმაციის აღქმისა და გააზრების ხელშესაწყობად, თითოეული გაკვეთილი გაჯერებულია თვალსაჩინოებებით, მათ შორისაა ფოტოები, ანიმაციები, ვიდეო და აუდიო მასალები.

ახალი სიტყვისა თუ გრამატიკული წესის სწავლებისთვის გამოყენებულია უამრავი სავარჯიშო, რის გამოც მომხმარებელი მუდმივად საკუთარი თავის შემოწმების პროცესშია, რაც ყურადღების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთან, პლატფორმა საშუალებას იძლევა მომხმარებელმა თავად შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და დავალების სწორ პასუხებს სასწავლო პლატფორმაზევე გაეცნოს.

თითოეულ გაკვეთილს ახლავს აგრეთვე ტესტი თვითშეფასებისთვის, რომლის შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ პირს შემდეგ გაკვეთილზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცეს. ამით ჩვენ ვეხმარებით მომხმარებელს სწავლის პროცესის ორგანიზებაში, რადგან ტესტში დადგენილი ქულის მიღების გარეშე, ის მომდევნო გაკვეთილზე ვერ გადადის. მოცემული სისტემა წაახალისებს გაკვეთილის არა უბრალოდ დათვალიერებას, არამედ მასალის გააზრებისა და ცოდნის გაღრმავების პროცესს.

magti 5g