LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა – სახალხო პლატფორმა

618
„მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა - სახალხო პლატფორმა

„მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ იუსტიციის სახლების კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან მჭედლიძემ ისაუბრა.

რას მოიაზრებს „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი?

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც ადგილზე აწვდის 500-მდე სერვისს იმ სოფლების მოსახლეობას, რომლებიც დაშორებულია რაიონული ცენტრებიდან და იუსტიციის სახლებიდან. აღსანიშნავია, რომ პროექტი 2021 წლის სექტემბერში პირველად აჭარის რეგიონში დაიწყო და მცირე დროში მთელი საქართველო დაფარა. 

რა სერვისების მიღება შეუძლია მოსახლეობას? იუსტიციის სახლი ყოველთვის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა მოქალაქეს სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. შესაბამისად, მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით, ადგილობრივებს პირდაპირ სახლის კართან იმ 500-მდე სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, რომლის მიღებაც იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. 

რომელი რეგიონები მოიცვა პროექტმა? 

მობილური იუსტიცია მიდის ყველგან, მათ შორის იმ სოფლებშიც, სადაც მხოლოდ რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოიცავს. პროექტის დაწყებიდან დღემდე, მობილური იუსტიციის სახლის სერვისებით 70000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

როგორ იგებს მოსახლეობა მობილური იუსტიციის სახლის ვიზიტის თაობაზე? 

მობილური იუსტიციის სახლის მარშრუტის განსაზღვრისას, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან. სწორედ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უწყვეტი კომუნიკაციით მოსახლეობა მარტივად იღებს ინფორმაციას მობილური იუსტიციის სახლის შესახებ. პროექტის ერთ-ერთი უპირატესობა რეგულარულობაცაა. 

ეს მოსახლეობას საშუალებას აძლევს წინასწარ იცოდეს, რომ მის სოფელში მოძრავი იუსტიციის სახლი, მაგალითისთვის, ყოველ ორშაბათს 10:00 საათზე მივა. რეგულარულობის დაცვა მნიშვნელოვნად ამარტივებს „მობილურ იუსტიციის სახლთან“ ვიზიტის დაგეგმვას, განსაკუთრებით, ისეთ სეზონზე, როდესაც სოფლის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება უწევს. 

აქტიურად სარგებლობენ თუ არა ამ შესაძლებლობით მომხმარებლები? 

მომხმარებელთა დაინტერესება მაღალია. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ისიც, რომ თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში გაშვებული 5 ავტომობილის რაოდენობა გაიზარდა და დღეს უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება საქართველოს ყველა რეგიონს. მიმდინარე ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში ვემსახურებით საქართველოში არსებულ 90 სოფელს და უკვე 70000-ზე მეტ დაინტერესებულ პირს მივაწოდეთ სასურველი სერვისი.