“ომიკრონმა” შიდა გავრცელება დაიწყო – სპეციალისტები მომდევნო დღეებში დადასტურებული შემთხვევების მკვეთრ მატებას ვარაუდობენ.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა მომატებულია მიმართვიანობა ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე.
თსსუ პროფესორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე „რუსთავი 2“- თან საუბრისას მომდევნო დღეების კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით არასახარბიელო შედეგებს პროგნოზირებს.
“შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ფაქტობრივად რესურსი არ გვაქვს.
ნიღბის ტარება ვერ გახდა ჩვენი ცხოვრების წესი და ვერ ვიყენებთ ამ ეფექტურ შესაძლებლობას. ბუსტერ დოზები, იმ ადამიანებში, რომლებსაც 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ასევე ვერ გახდა ის აუცილებლობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან და იანვრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო განხორციელებული.
ამიტომ, ფაქტობრივად ვერაფერი გააჩერებს “ომიკრონს,” – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
