ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას ელიან. მათი თქმით, ამის შესახებ აზრს საპარლამენტო უმრავლესობას არავინ შეეკითხება, რადგან ოპოზიციის აზრით, გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იღებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ივანიშვილი საზოგადოებას რევოლუციისკენ იწვევს. ნიკა მელიას თქმით, რევოლუციას არ და ვერ აწყობს ხალხი, მაგრამ აწყობს ხელისუფლება.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ რადგან ივანიშვილმა ეს თემა ისევ წამოსწია, ნიშნავს, რომ ამ მეთოდით თავისი ქონების გაზრდას აპირებს. მისი თქმით, ივანიშვილს ჰყავს იმ ტიპის უმრავლესობა, რომელიც მას ყველაფერში ეთანხმება.
„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი კი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ივანიშვილის ექსკლუზივია. ლევან სამუშიას თქმით, ბუნებრივია ეს კანონპროექტი ივანიშვილის ინტერესია. სამუშიას განმარტებით, არავის გაუკვირდება, თუ მარიხუანა სახეცვლილი და უბრალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტად ან ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტად წარმოადგენენ.