უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია დიმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია „რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა გაერთიანდნენ“.
არახამიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, რომლის პოლიტიკაც მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ რუსეთისთვის უკრაინის შემდეგ სამიზნე საქართველო იქნება.
როგორც არახამია წერს, საქართველოსთან დაკავშირებით თავის გეგმებს მოსკოვში უკვე აღარ მალავენ.
„როგორც ვთქვი, რუსებთან მეგობრობა არ იძლევა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტიას. ამის დანახვა უკვე ბელორუსის მაგალითზე შეგვიძლია. საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს. მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის.
რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ.
ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ევროპაში წასასვლელად და არა რუსი აგრესორის კლანჭებში აღმოსაჩენად“, – წერს არახამია „ტელეგრამზე“.