LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს – სტატუსი 10 წუთში წაიშალა

479
original-yj

წუხელ, გვიან ღამით რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში  – ВКонтакте, გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც მედვედევი რუსეთის საზღვრების აღდგენაზე და მეზობელ ქვეყნებზე საუბრობს.

ამ დროისთვის სტატუსი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. გამოცემა Meduza წერს, რომ პოსტი 10 წუთში წაიშალა, თუმცა მისი “სქრინშოტი” საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.

მედვედევის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში საუბარია საქართველოზე და აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

წერია, რომ 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა და ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და რომ ჩრდილოეთ და სამხრეთი ოსეთი, ასევე აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში.

პოსტში აღნიშნულია, რომ ნაციონალისტი ბანდებისგან კიევისა და პატარა რუსეთის მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ… რუსეთი კვლავ გაერთიანდება.

“ჩვენ გადავალთ მომდევნო კამპანიაში, რათა აღვადგინოთ ჩვენი სამშობლოს საზღვრები, რომლებიც, მოგეხსენებათ, არსად არ მთავრდება”, – აღნიშნულია ტექსტში.

პოსტში ასევე საუბარია ყაზახეთის შესახებ, ტექსტის მიხედვით, ეს არის “ხელოვნური სახელმწიფო” და “ყოფილი რუსეთის ტერიტორიები” და ქვეყნის ხელისუფლება ასახლებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც “შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც რუსეთის გენოციდი”.

დიმიტრი მედვედევის თანაშემწე “რია ნოვოსტთან” ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გვერდი გატეხილია.

არის თუ არა ავთენტური პოსტი ან ნამდვილად გატეხეს თუ არა მედვედევის გვერდი, მედიაში ინფორმაცია არ დასტურდება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები