საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილმა, რამდენიმე დღეში დაახლოებით 150 მილიონი დოლარი დაკარგა. კერძოდ, 2018 წლის 9 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 5 მილიარდ 770 მილიონი დოლარია, მაშინ როცა, 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, ივანიშვილის ქონება 5 მილიარდ 920 მილიონ დოლარს შეადგენდა.
Bloomberg-ის ინფორმაციითვე, 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში, ივანიშვილი 2018 წლის 9 თებერვლის, ანუ დღევანდელი მონაცემებით, 303-ე ადგილზეა. რაც შეეხება სიის პირველ ხუთეულს, აქ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 113 მილიარდი დოლარის ქონებით ლიდერობს, მას ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი, მარკ ცუკერბერგი და ამანსიო ორტეგა მოჰყვებიან.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა, მიმდინარე კვირაში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმაც იზარალეს. აშშ-ს საფონდო ბაზრის ინდექსის რეკორდულად დაცემის შედეგად, მსოფლიოს 500-მა ადამიანმა ერთ დღეში 114 მილიარდი დოლარი დაკარგა. ყველაზე მეტად მილიარდერი უორენ ბაფეტი დაზარალდა, მან 5,1 მილიარდი დოლარი დაკარგა. Amazon-ის ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის ქონება 3,3 მილიარდი დოლარით შემცირდა, Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ქონება კი – 3.6 მილიარდი დოლარით.