LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე პაპუაშვილზე: მიზანია დასავლური დაფინანსება შეჩერდეს, რაც რუსული კანონით ვერ შეძლეს

236
ჯაფარა და პაპუასი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უცხოური ფულით ქართულ პოლიტიკის ინვესტირებაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ IRI-ის მიერ ისევე ფინანსდება „ქართული ოცნება“, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები.

ზურა ჯაფარიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება იმ პროცესის გაგრძელებაა, რასაც ვერ მიაღწიეს რუსული კანონით და მათი მიზანია, რომ დასავლეთიდან შემოსული დაფინანსებები შეჩერდეს.

„მიზანი არის ის, რასაც ე.წ რუსული კანონით ვერ მიაღწიეს. მიზანი არის ის, რომ დასავლეთის დაფინანსება, რომელიც ამ ქვეყანაში შემოდის, მათ შორის, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს მშენებლობაში, შიდა დემოკრატიის განვითარებაში და მსგავს რაღაცებში, ეს პროცესი შეაჩერონ.

ამ ქვეყანაში პარტიული დაფინანსების მოძიება ისედაც რთულია, ჩვენი პარტია თავიდან ბოლომდე თვითდაფინანსებაზეა, გვყავს რიგითი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვაფინანსებენ, ეს არის ძალიან მწირი რესურსი.

ვერც ერთ ქართულ „მსხვილ ბიზნესს“ ვერ იპოვით, რომელიც გაბედავს და სუსის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავა და ოპოზიციის დაფინანსებას გაბედავს.

თუ რაღაც რესურსი არსებობს, ეს არის ეგეთი რესურსი: IRI, NDI და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც პარტიებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ.“ – განაცხადა ზურან ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს აფუძნებს, რის შემდეგაც გრანტებს იღებენ და ამ ფულს პოლიტიკაში მოიხმარენ.

 

 

გამოყენებულია ტვ „ფორმულას“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g