LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის ექსპერტის 3 ცხოვრება: „როცა მეუბნებიან, მოიყვანე ცოლი – ცოლი რას ნიშნავს? მიხვიდე მერიაში და სახელმწიფოს დაარტყმევინო ბეჭედი, ვისთან წევხარ ლოგინში?“

4917
ფხაკაძე გიორგი ფორტუნა

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მომუშავე გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.

ახალ გამოწვევაზე, პანდემიასთან დაკავშირებით მოსალოდნელ პროგნოზებსა და პირადზე სასაუბროდ „ფორტუნა“ ფხაკაძეს დაუკავშირდა.

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კონსულტანტ-მრჩეველი გახდა: „ჟენევაში მივდივარ“

გვითხრა, რომ ჯანმოს გუნდის წევრი პირველი აგვისტოდან გახდა.

„ამ ორგანიზაციაში, სათავო ოფისში 2006 წელსაც ვმუშაობდი. არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში ვიყავი. საკმაოდ საინტერესო საქმიანობა გვქონდა, მაშინ განვახორციელეთ გულ-სისხლ ძარღვთან დაკავშირებული პირველი კვლევა, რომელიც საჩხერეში ჩატარდა.

ამაყი ვარ, რომ ეს კვლევა ჩვენი ინიციატივით ჩატარდა და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.

რაც შეეხება გამოწვევებს, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნებს ემსახურება და მე, როგორც ტექნიკური ექსპერტი, ვმუშაობ საკმაოდ საინტერესო ინიციატივაზე, რომელიც შარშან დამტკიცდა.

ეს არის პროგრამა, რომელიც  ლტოლვილების და მიგრანტების ჯანმრთელობას ეხება. ვმუშაობთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ  მათთვის ჯანმრთელობა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი.

 

 

ასევე ვმუშაობთ, რომ ექიმები იყვნენ უფრო მომზადებული და შეიარაღებულები და მიგრანტებსა და ლტოლვილებს შესთავაზონ უკეთესი სერვისი.

ისინი ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან. აქვთ ენობრივი და კულტურული ბარიერი. ახალ გარემოში მათ ბევრი დახმარება სჭირდებათ.

სტანდარტები, რომელზედაც ახლა მე კოლეგებთან ერთად ვმუშაობ, დაგვეხმარება, რომ ლტოლვილები და მიგრანტები მთელ მსოფლიოში უკეთესად იყვნენ. ვიქნები აფრიკაში, უკრაინის კონფლიქტის ქვეყნებში და ა. შ. მიხარია, რომ ამ საინტერესო პროცესის ნაწილი ვარ.

ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. როგორც იცით, ვმუშაობდი უკრაინაში, სომალიში, კენიაში, ერაყში, იემენსა და სხვადასხვა ქვეყნებში. ყველგან, სადაც კონფლიქტები იყო.

მოკლედ, დიდი გამოცდილება მაქვს, რომელსაც არ თუ ვერ გამოვიყენებ საქართველოში. ჩვენ სულ სხვა განზომილებაში ვარ. ხარისხიანი ჯანდაცვა არ აინტერესებთ“. – ამბობს ფხაკაძე ფორტუნასთან”.

ჯანდაცვის ექსპერტი ასევე განმარტავს, რომ საქართველოდან არანაირი შემოთავაზება არ მიუღია.

„ძალიან დიდი ხანია მთავრობასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ადრე თუ იყო კონტაქტები და საუბრები, ახლა არის სრული სიჩუმე. სიმართლე გითხრათ, მეც არაფერი დამაკლდა, მაგრამ ეს მთავრობა ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის. ვნახოთ..

ის, რომ საქართველოში ჩვენთან არის კატასტროფული მდგომარეობა ჯანდაცვის კუთხით, კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკამ აჩვენა.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კოვიდით გარდაცვლილთა 40%-ს ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა. ამით ცხადი ხდება, რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს ჯანდაცვა.

ჯანმრთელი მოსახლეობა ვერ დაიცვეს. ჩვენთან ამბობენ, რომ კოვიდი არაა და  ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა გუშინ თქვა, ჩვენ დავამარცხეთ კოვიდიო. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ჯანდაცვის ხარისხზე, საქართველოში ეს ყველას ნაკლებად აინტერესებთ.

ფხაკაძე: ყველა კომუნისტი ჩინოვნიკი პენსიაზე რომ გაუშვათ, ვერა? ერთი ჩრთილოეთ კორეაა და მეორე საქართველო, სადაც კოვიდი დაამარცხეს

 

ჩემი გამოცდილება სხვა ქვეყნებს უფრო ადგება, ვიდრე საქართველოს. მე შეიძლება მინდოდეს საქართველოს დახმარება, მაგრამ საქართველოდან ამის სურვილი ნულის ტოლია. 

არაფერი აინტერესებთ, თუ არ ხარ ჩართული კორუფციულ გარიგებაში და არ ხართ ვიღაცისტი, არ უნდიხარ არავის. სიმართლეს თუ ამბობ, ამ ქვეყანას ეს არ სჭირდება.

ეს არის ფაქტი, რომლის წინაშეც ვდგავართ“. – ამბობს ფხაკაძე.

 

რამდენად უნდა ველოდოთ ინფექციების გავრცელებას?

 

„ისტორიულად, როცა იყო დიდი პანდემია, მას მოჰყვა ომი. ისტორიამ ისიც გვაჩვენა, რომ სადაც იყო ომი, იქ ახალი პანდემიები ყოველთვის ჩნდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენთან იყო პანდემია და ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომი დაიწყო . ყველა კონტინენტზე მაგარი არეულობაა. იქ, სადაც არის საომარი მდგომარეობა, იმას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ინფექციური დაავადებების აფეთქება, მაგრამ პრიორიტეტი ომის დროს არის სამხედრო თემა და არა მედიცინა.

 

 

ომის დროს მხოლოდ იმაზე საუბრობენ, ვინ მოიგო და ვინ წააგო. ამიტომაა, რომ კოვიდზე არც უკრაინა და არც რუსეთი არ ლაპარაკობს, რადგან სხვა პრობლემა აქვთ. მაგრამ კოვიდი არც ერთ ქვეყანაში არ გამქრალა.

ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, იმ ადგილას, გაჩნდება პანდემიური კერები. ეს ომის კანონია. 

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ასევე, სხვა კომისიები აქტიურად მუშაობენ, რომ ეს საკითხები შეძლებისდაგვარად იყოს მინიმალიზებული.

ამ პრობლემის გაუქმება შეუძლებელია, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად არის ჩართული, რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ჯანდაცვის ექსპერტის 3 ცხოვრება 

 

„პირადი ცხოვრება მაქვს ძალიან დალაგებული. იმაზე უფრო დალაგებულია, ვიდრე ეს შეიძლება, ვინმეს ეგონოს. არ მიყვარს საჯარო საუბარი ჩემ პირადზე. მიზეზი ძალიან მარტივია, არ მინდა დავაზიანო ის ადამიანები, ვინც ჩემს გვერდითაა.

ჩემს ვერც ერთ სოციალურ ქსელში ვერ ნახავთ ჩემი პირადი ცხოვრების საკითხებს. იმიტომ რომ სოციალური ქსელი საჯაროა და პირადი უნდა იყოს პირადი.

ევროპაში არასდროს გკითხავენ შენს პირადზე და შენს ფინანსებს და თუ ამბობს ადამიანი, ე.ი. თვითონ უნდა, რომ თქვას.

ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა. არის ისე, როგორც აქამდე იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, მივაღწიე, იმ ბალანს, რომელიც მე ჩემს პირად ცხოვრებაში მაწყობს და ეს ძალიან კომფორტულია. იშვიათია ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ აქვს ისეთი პირადი ცხოვრება, როგორიც უნდა და მე ასეთი ადამიანების რიცხვში ვარ. აწყობილი მაქვს იდეალურად.

მეორე ნახევარზე ვერაფერს გეტყვით. საქართველოში მე როგორ მლანძღავენ იცით და ჩემს გამო ვინმემ რატომ უნდა მიიღოს ერთი საყვედური და ერთი ცუდი კომენტარიც კი. საქართველოში ასეთი ტენდენციაა, აკვირდებიან  და მერე კომენტარებს წერენ – თეთრია, შავია, მაღალია თუ დაბალია, მსუქანია თუ გამხდარია.

აქედან გამომდინარე ჩემს ფინანსებს და ჩემს პირად არავის არ ვეუბნები.

როცა მეუბნებიან, მოიყვანე ცოლი – ცოლი რას ნიშნავს? მიხვიდე მერიაში და სახელმწიფოს დაარტყმევინო ბეჭედი, ვისთან წევხარ ლოგინში.  ეს არის ოჯახის კონცეფცია? 

ეს ხომ პრობლემაა და ეს ხდება 21-ე საუკუნეში. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის თავისუფლებაზე და ადამიანის პატივისცემაზე, რატომ უნდა იყოს გარეული სახელმწიფო ადამიანის პირად ცხოვრებაში?

ვფიქრობ, დაძველებული მეთოდია. როცა სახელმწიფო შემოდის შენს ლოგინში და გეუბნება, ამასთან რომ წევხარ ლეგალურია და როცა სხვასთან წევხარ არალეგალურია. რა უბედურებაა, რომ 21-ე საუკუნეში კიდევ ამაზე ვსაუბრობთ? ურთიერთობა ფარატინა ქაღალდით არასდროს წყდება. ზოგჯერ ფარატინა ქაღალდმა ეს ურთიერთობა შეიძლება უფრო დააზიანოს.

ასეთი არაერთი გამოცდილება არსებობს, შესაბამისად ჩემმა მეგობრებმაც იციან, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე არასდროს ვსაუბრობ. არავინ იცის ვინაა ჩემს გვერდით და ამის საჭიროება არცაა.

მე მაქვს სამი ცხოვრება – მაქვს საჯარო ცხოვრება, რომელსაც თქვენ ფეისბუკზე ხედავთ, მაქვს პროფესია, რომელშიც ვარ მთლიანად ჩართული და მაქვს პირადი ცხოვრება.

ეს სამი ცხოვრება ერთმანეთს ხელს არ უშლის. პირიქით ხელს  უწყობს“.  – ამბობს „ფორტუნასთან“ გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g