LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კონსულტანტ-მრჩეველი გახდა: „ჟენევაში მივდივარ“

570
გიორგი ფხაკაძე 23

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მომუშავე გუნდს შეუერთდა.

ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ფხაკაძე სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრობლემებზე წერს და აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია.

„1.ეს დღეები ძალიან დაკავებული ვარ. 1 აგვისტოდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა და ვარ ამ ორგანიზაციის კონსულტანტ-მრჩეველი. ვმუშაობ ძალიან საინტერესო პროექტზე, მალე ამაზე უფრო დეტალებში მოგიყვებით. 15 დღის შემდეგ ჟენევაში მივდივარ.

2. საქართველოში ბევრი რაღაცები შეიცვალა, ბევრი პოზიტიური რამ ხდება, თუმცა ბევრი რამეს ვერ ვიგებ ვერც მე და, ალბათ, ვერც ხალხი. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. პოლიტიკოსების ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო.

3.რაც შეეხება ჯანდაცვას, ამ ბოლო დროს, რაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი დაინიშნა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, რა კეთდება ამ სფეროში. ბატონ მინისტრს პირადად არ ვიცნობ, ახალ მთავრობაში არავის არ ვიცნობ, არც არავინ დამკავშირებია.

4. მე გეტყვით, გარედან როგორ ჩანს, რასაც აკეთებენ – რაღაცების გაკეთება უჭირთ, რაღაცები კეთდება. ზოგადად, ჯანდაცვის სფერო რთულია, და მით უმეტეს, საქართველოში. იცით, მე ყოველთვის პირდაპირი ვარ, ცუდზე ცუდს ვამბობ და კარგზე – კარგს.

5. ფაქტია, რომ ახალი მინისტრის პირობებში ჯანდაცვის სფეროში გარკვეული საინტერესო ცვლილებები ხდება. თუნდაც ის, რომ მინისტრმა განაცხადა, 1 მილიარდი სადღაც დაიკარგაო, ეს ბევრმა სწორად ვერ შეაფასა, მაგრამ ეს გაბედული და სწორი განცხადება იყო.

6. ასევე ის, რომ ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების კუთხით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, მისასალმებელია. დიდი ხნის უკან იყო ეს გასაკეთებელი. მე ვფიქრობ, რომ მინისტრი ნელა, მაგრამ სწორი გზით მიდის.

7. ასევე საინტერესოა, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების კუთხით გარკვეული ძვრები დაიწყო.

8. ცოტა ხნის წინ საჯარო წერილით მივმართე ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებით. გუშინ საჯაროდ მივიღეთ ძალიან კარგი და მკაფიო პასუხი: მთავრობა დაიწყებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციას 2025 წლიდან.

9.პრაქტიკულად, მინისტრი პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. მე არ ვიცი, შემდეგში ვინ რას ურჩევს, მაგრამ ფაქტია, რომ ამჯერად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

10. შეგახსენებთ, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის იდეის განხორციელება 2020 წელს წამოვიწყე და ოთხმა სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო ფრანგული ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, აკრედიტაცია, ხოლო 40-მა განაცხადი შემოიტანა.

11.როცა ეს პროცესი წამოვიწყე, ყველა მეუბნებოდა, გიორგი, ფანტაზიორი და მეოცნებე ხარ, აკრედიტაცია საქართველოში არასდროს იქნებაო. დრომ საპირისპირო აჩვენა.

12.ახლა ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ დააფიქსირა, აკრედიტაციის განხორციელება არის ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა. მე, როგორც ერთი ადამიანი, თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ჩემი მოსაზრება, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უკეთ ფუნქციონირებაში დაეხმარება, პრაქტიკაში დაინერგება.

13.დიდი მადლობა რეგულირების სააგენტოს – როცა საქართველოში ჩამოვედი, მქონდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში და დაწვრილებით გავიარეთ ეს საკითხი. გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა რა განცხადებაც გააკეთა, პრაქტიკულად ეს არის იმ შეხვედრის შედეგი. ის სტრატეგია, რაზედაც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, სახელმწიფომ მიიღო.

14.ერთმა კაცმა მეტი რა ქნას იდეების რეალიზაციის კუთხით?! სხვა რაღაცებს არ ჩამოვთვლი, ორს ვიტყვი მხოლოდ: გიორგი ფხაკაძემ შეძლო, ქვეყანაში ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი 15 თეთრიანი სამედიცინო პირბადეები და ასევე სახელმწიფო მანქანა სწორი მიმართულებით დაძრულიყო – სამედიცინო დაწესებულებებს ექნებათ დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების აკრედიტაცია.

15. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ მართალი ხარ, შედეგს ყოველთვის მიიღებ. მნიშვნელობა არა აქვს, ვისი იდეაა, მთავარია, გამოვიდა. ეს სჭირდება ქვეყანას. ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები