LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი – ამ დროისთვის პატრიარქის მდგომარეობა არსებითი დინამიკის გარეშეა – რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ არის

145
Capture

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ დროისთვის მდგომარეობა არსებითი დინამიკის გარეშეა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი განმარტებით, არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ არის.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას თურქი ექიმის ჩამოყვანის შესახებ, მინისტრის თქმით, სულ რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში.

„ჩვენ ვგეგმავდით, ვაკვირდებოდით პროცესს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო საჭიროება, ან რა შეიძლება გვეცადა, ან ახალ მედიკამენტზე გვეფიქრა, ან ისეთ საშუალებაზე, რომელიც ამ დრომდე შეიძლება არ ყოფილიყო გამოყენებული.

ჩვენ ამაზე დილიდან ვიმუშავეთ, დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური ექიმი, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში. კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ. ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან.

მე პირადად მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნები დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, რომ იქნება იყოს რჩევა რაიმე უკეთესზე. ასეთია ჩვენი დამოკიდებულება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის განცხადებით, არ იგეგმება მკურნალობის გასაგრძელებლად კათოლიკოს-პატრიარქის სხვა ქვეყანაში გადაყვანა.

„გადაყვანას რაც შეეხება, ამ ეტაპზე ჯანმრთელობის ის მდგომარეობა, რომელიც აქვს უწმინდესს, არ გვაძლევს ფიქრის შესაძლებლობას, რომ გადავიყვანოთ. ამჟამად მდგომარეობა ისეთია, სხვაგან მკურნალობა რომ უკეთესი შეიძლება იყოს, ამის თქმის საფუძველი ობიექტურად არ არსებობს. ეს დაადასტურა აქ გამართულმა კონსილიუმმა. მეთოდოლოგია, სისტემა მკურნალობისა არის გამართული და არავითარი დამატებითი შენიშვნა არ ყოფილა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g