„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის სამინისტროს აღარ გააჩნია ბიუჯეტი და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ჩვენ შევაჩერეთ გეგმურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ ეს ასე არაა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაციენტი არ იყო კოვიდინფიცირებული მიმართა კლინიკას და ჩაიტარა კონკრეტული ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია.
„სწორედ კოვიდინფექციის გავრცელებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ისევ და ისევ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაციას საკმაოდ ართულებს, მნიშვნელოვანია შევზღუდოთ ხელმისაწვდომობა გეგმურ ოპერაციებზე და დაყოვნება გავზარდოთ პირველ მარტამდე. ეს საფრთხეს პაციენტებს არ შეუქმნის, გამომდინარე იქიდან, რომ გეგმური ოპერაციები გეგმურია და არ ხასიათდება მაღალი რისკით პაციენტის ჯანმრთელობასთან მიმართებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, 2021 წლის მარტამდე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გეგმური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა.