საქართველოში ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია, მათ შორის არის H1N1-ით გარდაცვალების ფაქტებიც. სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 25 წლის მამაკაცი, წმინდა ლაზარეს სახელობის კლინიკაში კი 41 წლის ქალი გარდაიცვალა.
საფრთხე ისევ არსებობს, ამიტომ ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. რისკჯგუფებს კვლავ ბავშვები, ორსულები და მოხუცები წარმოადგენენ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ გრიპის ვირუსის თვითმკურნალობა დაუშვებელია.
“ოდნავ შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზირებულთა მაჩვენებელი. 41%-დან ჩამოსულია 33-ზე, მაგრამ ეს მაინც მაღალია. აუცილებელია თუ ბავშვს 38-ზე მეტი აქვს ტემპერატურა, რომ მივმართოთ პედიატრს. როგორც კი ორსულს ეწყება მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, აუცილებელია, რომ მან კონსულტაცია ჩაატაროს ოჯახის ექიმთან და მეანგინეკოლოგთან,”-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეიდან საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოჯახის ექიმთან კონსულტაცია გაიარონ.
24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები:
შპს „მედკაპიტალი-გლდანი“, მის: ვეკუას ქ. N 18
შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“, მის: გამრეკელის ქ. N19
შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57
შპს „მედსი“ („ვერე-21“), მის: ქიაჩელის ქ. N 18
შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.
უკვე ცნობილია, იმ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მისამართები, სადაც ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუა ხელმისაწვდომია. მედიკამენტთანდაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.