ჯარედ ლეტოს წინააღმდეგ, BBC-ის საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმში სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედებებისა და შევიწროების ახალი ბრალდებები გაჟღერდა.
ოთხმა ქალმა ფილმში სათაურით – „ჯარედ ლეტო: ჰოლივუდის ბნელი საიდუმლო“ (Jared Leto: Hollywood’s Dark Secret) ,,ოსკაროსანი” მსახიობი და ჯგუფ Thirty Seconds to Mars-ის ფრონტმენი, არასრულწლოვანობის ასაკში ჩადენილ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დაადანაშაულა.
ფილმში სულ 10-მა ქალმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, რომელთაგან ოთხი ლეტოს ბრალს მძიმე დანაშაულებრივ ქმედებებში სდებს.
ერთ-ერთი ქალის განცხადებით, მსახიობმა მასზე 17 წლის ასაკში, მოტელის აბაზანაში იძალადა.
მეორე ქალი აცხადებს, რომ მას ლეტოსთან სექსუალური კავშირი 17 წლის ასაკში ჰქონდა, კალიფორნიის კანონმდებლობით კი, თანხმობის ასაკი 18 წელია, რაც ამ ქმედებას დანაშაულად აქცევს.
მესამე ქალის თქმით, 19 წლის ასაკში, როდესაც სასტუმროს ნომერში მასთან მარტო დარჩა, ლეტო მას სექსუალური ძალადობით დაემუქრა.
მეოთხე სავარაუდო მსხვერპლი იხსენებს, რომ 16 წლის ასაკში ლეტო მასთან ხშირ სექსუალური ხასიათის სატელეფონო ზარებს ახორციელებდა და ცნობილობის სტატუსს ბოროტად იყენებდა.
ირკვევა, რომ ერთ-ერთ ქალს გაუგზავნეს გაუთქმელობის ხელშეკრულებაც, რათა ურთიერთობაზე არ ესაუბრა, თუმცა მან ხელის მოწერაზე უარი თქვა.
ბრალდებების ამ ახალ ტალღაზე ჯარედ ლეტოსა და მის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, 2025 წელს,
გამოცემა – Air Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში 9 სხვადასხვა ქალი, მათ შორის მოდელი, ლაურა ლა რუ და დიჯეი, ალი ტეილზი ასევე ადანაშაულებდა მსახიობს არასათანადო ქცევაში.
ბრალდებები მოიცავდა:
16 წლის გოგონასთვის სექსუალური ხასიათის კითხვების დასმას,
17 წლის გოგონას წინაშე შიშვლად გამოჩენას და 18 წლის გოგონას თანდასწრებით მასტურბაციას.
მაშინ ჯარედ ლეტოს წარმომადგენლებმა ყველა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყვეს და მათ ყალბი უწოდეს.