,,ფერარისთვის” მისი მანქანები უბრალოდ ტრანსპორტი არ არის — ეს არის ბრენდის მემკვიდრეობა, ექსკლუზიურობა და იმიჯი, რომლის დაცვაც პრიორიტეტულია.
კომპანიის პოლიტიკა მკაცრი შიდა წესებით რეგულირდება, რომლის მიხედვითაც კონტროლდება, თუ ვინ ფლობს და როგორ გამოიყენება ავტომობილები.
ადამიანის სიმდიდრისა თუ გლობალური ცნობადობის მიუხედავად, იტალიური ავტომწარმოებელს შეუძლია მომხმარებელს სამუდამოდ აუკრძალოს ახალი ფერარის შეძენა, თუ ის მის დაუწერელ კანონებს დაარღვევს. ამ მხრივ, საკულტო სპორტული მანქანების მრეწველს ე.წ. ,,შავი სიაც” აქვს, რომელშიც თავს არაერთი სელებრითი იყრის.
,,ფერარის” მიერ დაწესებული მთავარი შეზღუდვებისა და პრინციპების თანახმად, ავტომობილის ქარხნული დიზაინის, ძრავის, ან საღებავის თვითნებურად შეცვლა, განსაკუთრებით არაავტორიზებული სახელოსნოების მიერ, კატეგორიულად აკრძალულია. ამის გაუთვალისწინებლობით, ,,ბლექ ლისტში” ჯასტინ ბიბერი მოხვდა. ჯეი ბიმ თავისი Ferrari 458 Italia გადაღება, ფერი შეუცვალა და ,,ფერარის” ლოგო გადააკეთა, რის გამოც მას ახალი მანქანების შეძენა სამუდამოდ აეკრძალა.
ასევე, მფლობელს არ აქვს უფლება ახალი ან ექსკლუზიური მოდელი შეძენიდან პირველი წლის განმავლობაში მაინც სხვას მიჰყიდოს. ამ წინააღმდეგობის შემთხვევაშიც, ის კომპანიის ,,შავ სიაში” ხვდება.
ნიკოლას ქეიჯმა ფინანსური კრიზისის დროს თავისი იშვიათი Ferrari Enzo საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფად გაყიდა, რაც ბრენდმა ექსკლუზიურობის შეურაცხყოფად ჩათვალა.
,,ფერარი” რეპუტაციასაც უფრთხილდება — ნებისმიერი საჯარო სკანდალი, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარება, ან ავტომობილის დაზიანების გამო ,,ფერარის” საჯაროდ ლანძღვა მიუღებელია.
2020 წელს 50 Cent-მა ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ თავისი Ferrari 488 ევაკუატორზეა დატვირთული. მიზეზი დამჯდარი აკუმულატორი იყო. მან მანქანას უხარისხო უწოდა და იხუმრა, რომ მის ნაცვლად Smart-ის ყიდვას აპირებდა. ,,ფერარისთვის”, რომელიც იმიჯზე განსაკუთრებულად ზრუნავს, ასეთი საჯარო დამცირება მიუღებელი აღმოჩნდა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კომპანია განრისხდა იყო ვიდეო, რომელშიც 50 Cent თავის Ferrari-ს შამპანურით, კონკრეტულად კი საკუთარი ბრენდის, Le Chemin du Roi-თ რეცხავდა.
თუ მფლობელი დაარღვევს ინტელექტუალური საკუთრების წესებს, კომპანია არ ერიდება სასამართლოში ჩივილს და მრავალათასიანი ჯარიმების მოთხოვნას.
გერმანელმა დიზაინერმა, ფილიპ პლეინმა ,,ფერარი” საკუთარი ტანსაცმლის ხაზის რეკლამირებისთვის გამოიყენა — ბოტასები მანქანის კაპოტზე დააწყო. კომპანიამ მას უჩივლა და სასამართლომ პლეინს 300,000 ევროს გადახდა დააკისრა ბრენდის რეპუტაციის შელახვისთვის.
,,შავ სიაშია” კიმ კარდაშიანიც. გავრცელებული ინფორმაციით, კიმი სიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც საქორწილო საჩუქრად მიიღო ,,ფერარი” ადამიანისგან, რომელიც მოგვიანებით ფინანსურ თაღლითობაში ამხილეს. ასევე, ბრენდს არ მოეწონა მისი დაუდევარი დამოკიდებულება მანქანის მოვლის მიმართ.
სიაში თაიგაც გვხვდება. როგორც ცნობილია მან რამდენჯერმე ვერ გადაიხადა ლიზინგის თანხა, რის გამოც დილერებმა მას ავტომობილები საჯაროდ ჩამოართვეს.
ფაქტობრივად, Ferrari-ს მფლობელი ბრენდის „ელჩია”. თუ მფლობელის ქცევა ეწინააღმდეგება კომპანიის ღირებულებებს, მას ეზღუდება წვდომა მომავალ მოდელებზე, მიუხედავად მისი პოპულარობისა თუ საბანკო ანგარიშისა.