UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოცემა La Gazzetta Georgia ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
„კარგი ამბავი ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგად არის – ის ისვენებს“, – წერს გამოცემა.
ცოტა ხნის წინ ილია თოფურიამ მიმართვა გაავრცელა:
„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო… და დატოვე კიდეც.
პირველსავე რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი მარცხენაშიც.
გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ.
ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე ბასრი, მომზადებული და მზადმყოფი გამოვედი. წუხანდელი ღამე შენი ღამე იყო.
ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან.
გამოვჯანმრთელდები. დავისვენებ. და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო სახიფათო.
და მერწმუნე… ჩვენი ისტორია ამით შორს არის დასრულებისგან.
ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.
ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.
თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება დღის ბოლო, მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.
ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.
