“ჯეოტრანსგაზი” მზად არის გაზარდოს გაზის იმპორტი რუსეთიდან და საკუთარ ობიექტებთან ერთად გაზის სხვა კომერციულ მომხმარებლებსაც მიაწოდოს.
რუსულ კომპანია ,,გაზპრომსა” და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზე შპს “ჯეოტრანსგაზმა” დღეს განცხადება გაავრცელა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “გაზპრომთან” ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკებებმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ამ აჟიოტაჟმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს “ჯეოტრანსგაზისა” და სხვა კერძო კომპანიების საქმიანობის სტაბილურობას ბუნებრივი აირის მოწოდების თვალსაზრისით.
”მოგახსენებთ, რომ შპს “ჯეოტრანსგაზს” გაფორმებული აქვს პირდაპირი კონტრაქტი შპს “გაზპრომექსპორტთან” და 2015 წლიდან აწარმოებს ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან, რაც წარმოადგენს სუფთა კომერციულ ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის. გასულ დღეებში მედია-საშუალებებში ბატონებმა ზურაბ ტყემალაძემ და დავით მირცხულავამ გააჟღერეს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ აღნიშნულ განცხადებას: ჩვენი კომპანია, როგორც კერძო კომერციული სტრუქტურა – თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან, მზად არის, გაზარდოს ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან საკუთარი ობიექტებისთვის და სხვა კომერციული მომხმარებლებისთვის, რითაც საჭიროების შემთხვევაში, აღმოიფხვრება საქართველოს ბაზარზე არსებული დეფიციტი”, – განაცხადეს კომპანიაში.
