LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფ „მირაჟის“ წევრები პირად ცხოვრებაზე პირველად ალაპარაკდნენ: „ქორწილი ერთ დღეს გვქონდა…“

450
ჯგუფი მირაჟი

ჯგუფი „მირაჟი“ – ძმები შოთა და პაატა დუნდუები, ქართველმა მსმენელმა ბევრი წლის წინ გაიცნო, თუმცა, დროსთან ერთად მათი პოპულარობა არ მინელებულა. ძმები ამჯერადაც ახალი ალბომით წარდგებიან მსმენელის წინაშე და კიდევ უფრო მეტ აქტიურობასაც გეგმავენ. ამის თაობაზე ძმები ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრებიან.

– გულშემატკივრებისგან, ალბათ, ძალიან განებივრებულები ხართ.

შოთა:

– სოციალურ ქსელში კომენტარებს რომ ჩავყვებით ხოლმე, ისეთ სიტყვებს ვკითხულობთ, რომ გაანალიზებაც გვიჭირს და ძალიან სასიამოვნოა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მე მხოლოდ ჩვენი გულშემატკივრების სიტყვებს ვიმეორებ. როცა გწერენ – „თქვენ ხართ ლეგენდა“, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და თავს უხერხულადაც ვგრძნობთ. ამას რომ კითხულობ, თავს ვერ მისცემ უფლებას, რომ მოდუნდე. თუმცა, ამის გამო თავი არასდროს ჩაგვითვლია სხვაზე მეტად, პირიქით, რაც უფრო მეტი სიყვარულია, ჩვენ კიდევ უფრო თავმდაბლები უნდა ვიყოთ. არასდროს გვავიწყდება, რომ ჩვენ ჩვენი მსმენელის გარეშე ვერაფერი ვიქნებოდით, ანალოგიურად ვაფასებთ მათ და უზომოდ მადლიერები ვართ. უდიდესი სიამოვნებაა, ადამიანებს უყვარდე და გაფასებდნენ. ეს ღმერთის საჩუქარია. გულწრფელად გეტყვით, თითქმის ყველა პლატფორმაზე ვართ და არ მახსოვს, რამე კომენტარი წაგვეშალოს ან დაგვებლოკოს ვინმე იმის გამო, რომ ჩვენთან დაკავშირებით ნეგატიური კომენტარი გააკეთა. ამდენი წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა, ნეგატიური კომენტარები არ შეგვხვედრია. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც იმედია, თავს ღირსეულად გავართმევთ.

– სიმღერის გარდა, რით ხართ დაკავებული?

პაატა: ჩვენი გატაცება გვაქვს ბუნების სახით. ჩვენ გვაქვს სოფელი აბაშაში და რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ჩვენი ეზოს გამწვანება. ეს იმდენად დიდი სიამოვნება ყოფილა, ენით ვერ აღვწერ. ბევრი ადამიანი გვეუბნება, ეს კიდევ ცალკე ხელოვნებააო და მართლა ასე ვუყურებთ ამ საკითხს. მუსიკა და ბუნება, ეს არის ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ საქმესაც ერთად ვაკეთებთ. დაახლოებით, ოთხასამდე მცენარე გვაქვს დარგული, ბაღიც საკმაოდ დიდია. ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, ეს ბაღიც ისეთივე ლამაზია, როგორიც თქვენი მუსიკაო და ეს კიდევ სხვა სიამოვნებაა ჩვენთვის. ადამიანებმა კიდევ სხვა კუთხით დაგვინახეს. ჩვენ ამ სახლში, ამ ბაღში დავიბადეთ და გავიზარდეთ და ვცდილობთ, ძალიან გავალამაზოთ. 6 წელია, რაც ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს წინ. ეს მცენარეები ფინანსურადაც არ მოითხოვს ცოტას და ამ შედეგამდე მოსვლას ფიზიკურადაც დიდი რესურსი სჭირდება, ამიტომ ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ყველაზე დიდი სტიმული, იცით, რა არის? ღამე შუქს რომ ავანთებთ და ბაღში გავივლით, ვსაუბრობთ ხოლმე, ეს ხე აქ მაშინაც იქნება, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ივლიანო. მომავალ თაობებს ჩვენი დარგული ხეებიც დარჩება, ისევე, როგორც მუსიკა. ამ ორ საქმეს ერთნაირი სიყვარულით ვუდგებით და მიგვაჩნია, რომ ორივე ხელოვნებაა. მუსიკისა და ბუნების გარეშე ჩვენი არსებობა ვერ წარმოგვიდგენია.

– სამწუხაროდ, ბევრი არ ვიცით თქვენს ოჯახზე, პირად ცხოვრებაზე და ამაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვით.

შოთა: მართალი ხართ, ამაზე აქამდე ბევრი არ გვისაუბრია. რადგან გვკითხეთ, გეტყვით, რომ მე შვილი მყავს. პაატას კი მეუღლე და შვილი. ჩვენი შვილები ტოლები არიან. ქორწილი ერთ დღეს გვქონდა, ერთად გადავიხადეთ. ცხოვრებაში რაღაცები ისეც ხდება, როგორც არ გვინდა, მაგრამ როგორც მოხდა, იმისთვისაც მადლობელი ვარ. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები