სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაწოდონ ბითუმად მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი.
„ჩვენ გვესმის რამდენად რთულ ვითარებაში უწევს ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობების განხორციელება, განსაკუთრებით ეს ეხება ფერმერების საქმიანობას, მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის დროულად ბაზარზე მიწოდებას, მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო და მთავრობა იღებს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, მათ ჯანმრთელობაზე.
იმისთვის, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასურსათო ჯაჭვი იყოს უწყვეტი და მოსახლეობის სურსათით მომარაგებას არ შეექმნას პრობლემა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობდეს. ამისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, საბითუმო სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაწოდონ ბითუმად მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი.
თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი სავაჭრო, ორგანიზებული პლატფორმა იმისთვის, რომ სანიტარიული, ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების რისკის შემცირების პირობებში, მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
