რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია იუმორისტი, ჯიმი აბესაძე.
დიდად არ გიყვარს ინტერვიუები…
კი ასეა, ზოგადად განსაკუთრებული არაფერი ხდება – დილიდან საღამომდე დაკავებული ვარ ხოლმე.
შენი ბავშვობის შესახებ გვესაუბრე…
იმერეთი, ბაღდათი… ბებიასა და ბაბუასთან ერთად ვიზრდებოდი, იმიტომ, რომ მშობლები ემიგრანტები იყვნენ რუსეთში. მე და ჩემი და რთულ პერიოდში გავიზარდეთ, ისეთ დროს, როცა ბავშვი შეიძლება გზას ასცდეს.
სკოლის დამთავრების შემდეგ გადმოვბარგდით თბილისში. სამი წელი მოსკოვშიც ვცხოვრობდით. ბავშვობიდან მსახიობობა მსურდა. მამაჩემი ამბობდა, მოდი, ის გავაკეთებინოთ, რაც მას სურსო. მქონდა მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემა, – „რბილი ლ“ მქონდა. ორი თვე არ მეყო და ჩავიჭერი მეტყველებაში. შემდეგ ბერიკაშვილების ოჯახში მოვხვდი და მათი წყალობით ჩავირიცხე თეატრალურში. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ჩემს კურსზე იყო ვახო ბიჭიკაშვილიც.

რა იყო შემდეგ?
შემდეგ იყო ტელევიზიის პერიოდი. მოვხვდი „ღამის შოუში“, იმ პერიოდში „შუა ქალაქს“ აკეთებდნენ. ბოლოს დეკორატორად დავრჩი ტელეიმედში. სევდიანად მახსენდება ის პერიოდი, ჩრდილში ვიყავი, როცა ჩემი კურსელები გადაღებაზე მოდიოდნენ, მანქანაში ვიმალებოდი, მრცხვენოდა ხოლმე, ბევრჯერაც მიტირია, ვფიქრობდი, მეც ხომ ნიჭიერი ვარ-მეთქი. თუმცა, არასდროს მქონია შურის შეგრძნება, ამაზე ერთი ამბავი მახსენდება, გიორგი გასვიანთან გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ ვიყავი, შეკითხვაზე, მსურდა თუ არა გიორგი გაბუნიას ადგილზე ყოფნა და მისი გადაცემის წაყვანა, ვუპასუხე, რომ არა და ათი ათასი ლარიც წავაგე, არადა, არასდროს გამჩენია ამის სურვილი.
თავიდან, „პოს-ტვ“-ში რომ შევედი, შალვამ ჩემი იუმორი შეამჩნია და ზვიოს უთხრა, ეს შესვლებზე შევიდესო, მაგრამ არ მინდოდა, კომპლექსების ბრალი იყო, თუმცა გავბედე და გავაკეთე. დიდი მადლობა მათ ამისთვის, დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, შალვა რამიშვილის და ზვიო ბლიაძის დამსახურებაა.

თუ კითხულობ ხოლმე, რას წერენ სოციალურ ქსელებში შენ შესახებ?
კი, როგორ არა, იყო ასეთი რამ, ამიგორეს ერთხელ, ჯიმის 150 ათასი ლარი ჩაერიცხაო. ვთქვი, მაგდენს შაკირასაც არ ურიცხავენ-მეთქი. დედაჩემმა დაიჯერა, დავიღუპეთ, სად წაიღო ამდენი ფულიო, ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა. ასეთი რაღაცის თქმა არის ბოროტება.
მეუღლეს სულ თბილად ახსენებ ხოლმე…
ვენაცვალე ჩემს ელისოს, სულ გვერდში მედგა, გაჭირვებების დროს სულ ჩემთან ერთად იყო. ჩემი პირველი გულშემატკივარია. თუკი რამეს წარმოვადგენ, ჩემი ცოლის დამსახურებაა. ელისო, მიყვარხარ, სიმღერა რომ შემეძლოს, სიმღერას მოგიძღვნიდი…