საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, მსახიობი და რეპერი, კაბუ თავის კარიერას ნაწილობრივ დაუბრუნდა. ზაფხულში რამდენიმე წარმატებული კონცერტის შემდეგ გააცნობიერა, რომ მისი სიმღერები ჯერ კიდევ ახსოვთ და მისი მოსმენა სურთ. შესაბამისად, ახალ პროდიუსერთან ერთად მალე ალბომის ჩაწერას დაიწყებს. როგორც გვითხრა, შესაძლოა, ალბომი მზად გაზაფხულზე იყოს, რადგან მანამდე საკუთარ თავს, ვიზუალის მოწესრიგებას უნდა მიხედოს და გარკვეული ეტაპები გაიაროს იმისთვის, რომ მსმენელის წინაშე წარდგეს.
კაბუ, ვიცი, რომ სიახლეები გაქვს…
ნელ-ნელა ვიწყებთ მუშაობას. პატრონიც გამომიჩნდა, პროდიუსერი, მიკა გახდა ჩემი პროდიუსერი, ჩვენი ცნობილი მიკა, ბავშვობის მეგობარია ჩემი და ამ სფეროში ყველაფერი იცის. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, „შავ მუსიკას“, ექსპერტია. არტისტის მოვლაც იცის, მიხედვაც და მის გემოვნებასაც ვენდობი. უნდა ვცადოთ და შევხედოთ, რა იქნება. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოვა.
პანდემია თუ დაგვაცდის, გვინდა კონცერტების გაკეთება განახლებული რაღაც-რაღაცებით. ახალი 4-5 ტრეკის ჩაწერას ვაპირებთ. ბენდშიც ვიცით, ვინ იქნებიან. ჩემი ბავშვობის ოცნებაა ბენდთან ერთად მუშაობა, სანამ აქ ბენდომანია დაიწყებოდა. ალბათ, ყველამ იცის, რომ ეგრევე ჰიპ-ჰოპით არ მოვსულვარ, ცოცხალით დავიწყე და ისედაც მინდოდა, ვიღაცებისთვის არ მიმიბაძავს. ლამაზია, საინტერესოა და კარგია ბენდთან ერთად მუშაობა.
ამასთანავე ალბომიც მინდა ახალი. მერე, ალბათ, გავჩერდები, მაგრამ ჯერ გაჩერებაზე საუბარი არ არის.
როცა შენ დაიწყე ამ მუსიკის ჩაწერა, ძალიან ახალგაზრდა იყავი და იცოდი, რისი მოსმენა უნდოდა ახალ თაობას. დღეს იცი?
შეიძლება, ვიღაცებმა სხვანაირად გაიგონ, მაგრამ მაშინ არ მიფიქრია, ვის რისი მოსმენა უნდოდა. ის თაობა ვიყავი მეც და ჩვენს სათქმელს ვამბობდი. ახლაც როგორ არ ვიცი ყველას სათქმელი და გულისტკივილი და პირიქით, ყველამ იცის, მე რა მაქვს სათქმელი. ერთი პერიოდი მქონდა მცდელობები, გარკვეული გათვლებით ჩამეწერა მუსიკა, მაგრამ არ გამოდის, მაშინ ვიღაცები უნდა დასვა და აწერინო. რაც მინდა, იმას ვიტყვი და ჩემიანებიც გამოჩნდებიან, ვისაც ჩემი სათქმელი მოეწონება და გულში ექნება.
ქართული ჰიპ-ჰოპი ბოლო დროს ვითარდება. ახლახან მასტერთან ერთად ჩაწერე სიმღერა. შენთვის ამ თაობაში კიდევ ვინაა საინტერესო სახე?
დავიწყოთ იმით, რატომ მასტერი. მე და მასტერი დიდი ხანია, ვმეგობრობთ. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ჩამოგვიყალიბდა კარგი ურთიერთობა. საფრანგეთში ყოფნისას, როცა „ჩაკეტილი“ ვიყავი, მაშინ გამომიგზავნა ეს ტრეკი. შემომეწერა ერთი კუპლეტი. მერე „ბითი“ გამომიგზავნა, ხომ არ ჩავწეროთო და ჩავწერეთ. ერთად მოგვინდა მუშაობა და გავაკეთეთ.
რაც შეეხება ახალ სახეებს, ძალიან ცოტა ვიცი, რადგან არ ვიყავი საქართველოში. ზაზა ნოზაძეს ვიცნობ კარგი ხანია, რადგან ჩემი მეგობრების მეგობარია და ჩვენ თვალწინ გაიზარდა, როგორც რეპერი და როგორც ბიჭი. ძალიან მიყვარს. ასევე კრისტი, ზაზაზე პატარა იყო, როცა ვიცნობდი. ვიცი Green Family-ს და კიდევ რამდენიმე სხვაც.
რაიმე აკლია ახალ თაობას?
რჩევას მივცემდი, რომ ინგლისურად აკეთონ რაღაცები, რომ მარტო საქართველოთი არ შემოიფარგლონ. მინდა, ქართველი რეპერი საერთაშორისო ასპარეზზე ვნახო. ამისი პოტენციალი არის. თუკი იქნება „ჰაი კლასის“ რეპერი, რატომაც არა. ამის დრო უკვე არის, რომ მხოლოდ ვაკემ და გლდანმა არ მოისმინოს ჩვენი რაღაცები. უცხოური კლიპების ყურება არ მინდა, როცა ვუყურებ, ვერ ვხვდები, საერთოდ ვინ ვართ, რა კონცერტებზე და რა კლიპებზეა საუბარი. ოციათასიან მანქანას ვიყიდით და თავი კიტრი გვგონია. ჩვენი თაობა ვერ გავიდა და ახალგაზრდა თაობა თუ შეძლებს, კარგი იქნება.
კარგი რეპერი რომ იყო, ქუჩის ბიჭი უნდა იყო?
საერთოდ არ იყო 2 Pac ქუჩის ბიჭი, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა და სერიოზული ჯაზმენი იყო. ცოტა ხულიგანი იყო, კი. ცოტა ფხა უნდა გქონდეს.
შენ ხომ გამოიარე ეს ამბები. რას მოაკლებდი შენს გამოცდილებას და რას დატოვებდი?
ყველაფერს დავტოვებდი ერთის გამოკლებით, – „დრაგი“. ამას ამოვშლიდი, იმიტომ, რომ ბევრ რამეში შემიშალა ხელი. შეიძლება, რაღაცები უნდა მენახა, რაღაც გამოცდილება მივიღე, მაგრამ შეიძლებოდა ამის გარეშეც. მაგის გარეშე დავიწყე…
ახლა რა ეტაპზე ხარ?
დალაგების. ცხოვრებას ახლიდან ვალაგებ, ღვთის და მეგობრების, ჩემიანების, მამაჩემის, დედაჩემის, დის, შვილების, ძმაკაცებისა და ხალხის წყალობით. ვერ წარმომედგინა, რომ ამდენი წლის მერე ხალხი ქუჩაში შემხვდებოდა და ამდენ სიყვარულს მივიღებდი. ჩემი მსმენელია ჩემთვის ახლა მთავარი, ვისაც კიდევ ვახსოვარ და ვუყვარვარ. მადლობა დიდი ამ სიყვარულისთვის, საოცრებაა.
მახსოვს, ბათუმში UP2U-ში შენს კონცერტზე იმდენი ხალხი მოვიდა, ცოტა გაკვირვებულიც კი იყავი…
ყველა ემოცია დამებლოკა, ბევრი რამ გამახსენდა. ზოგმა იცის და ჰყვება, მაგრამ ახალ თაობას ჩემი ძელი სიმღერები რატომ ახსოვდა, ვერ მივხვდი. ზოგი მოდიოდა, შენს სიმღერებზე გავიზარდეო. ჯადოსნობა იყო, „ჰარი პოტერი“. ამან მომანდომა კიდეც და დამავალდებულა, რომ ახალი რაღაცები ვაკეთო. ერთმა მითხრა, გეხვეწები, არ გაჩერდეო. ეს გულით მითხრეს და ვალდებული ვარ, არ გავჩერდე.
როგორც მსახიობი, აქტიური იყავი და ამ მხრივ შენი ნიჭიერება ყველამ იცის. აპირებ სცენაზე დაბრუნებას?
შემოთავაზებას დამსახურება უნდა და დავიმსახურებ, არ არის პრობლემა. ძალიან მძიმე იყო, როცა სცენას ჩამოვშორდი. სულ მააგზე ვწუწუნებ, ახალ სიმღერაშიც. თეატრი ჩემი დიდი ნაწილია. უყურადღებოდ არასდროს ვტოვებ ამ თემას. სცენა აქ არის და ჩემზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
დამსახურება უნდაო, როცა ამბობ, მოქცეულხარ ცუდად?
რა თქმა უნდა, იყო ბევრი უპასუხისმგებლობა.
სპექტაკლზე არ მისულხარ?
არა! ეს არასდროს ყოფილა. ეგ უსინდისობა და უნამუსობაა.
არაფხიზელი დადიოდი?
ბოლო პერიოდში – სულ. რეპეტიციებზე და გადაღებებზე ძალიან ვაგვიანებდი. ეს როგორ შეიძლება?! ასი კაცი დგას და გელოდება, ვიღაცა ხარ მანდ, გდიხარ (იღიმის). ხდებოდა ასეთი რაღაცები. იმიტომ არა, რომ ახალგაზრდა ვიყავი, იმიტომ, – რომ გარემოებები იყო. სულ ამაზე მიწევს ლაპარაკი და მაპატიოს ყველამ.
გაბრაზებული ხარ საკუთარ თავზე?
ვარ, მაგრამ მაქვს თვითკრიტიკის გრძნობა, რაც მაფიქრებს, მაკეთებინებს ბევრ რამეს და არ მაფიქრებინებს იმას, მერე რა, რომ ასე მოხდაო. სირცხვილია და არ შეიძლება ის, რაც იყო. როცა საქმეს აკეთებ, ბოლომდე უნდა გააკეთო.
ამ გადაფასებების პერიოდისკენ რამ გიბიძგა?
სიცოცხლისა და ჩემი პროფესიის სიყვარულმა.
ამ ყველაფერს ძალიან თრგუნავს ნარკოტიკი.
მძიმე ნარკოტიკი თრგუნავს არა მხოლოდ სიცოცხლის სიყვარულს, არამედ ყველაფერს. ძალიან ეგოისტია. მხოლოდ ის უნდა გიყვარდეს. ღმერთის წყალობით, ეს ასე აღარ არის და ძალიან მიხარია.
პირად ცხოვრებაშიც ბევრი დაკარგე. ამ თემაზე დღეს ფიქრობ?
საქმის გარდა არაფერზე ვფიქრობ ეს თუ არ გავაკეთე, აღარც პირადი იქნება. ფუნთუშებს ვერ გამოვაცხობ, ნეტავ ვიცოდე. ისე ახლა ჯობია კიდეც… ჩემი პროფესია მჭირდება, ვჭირდები და მენატრება.
ყველაზე მწარე გაკვეთილი, ამ გადასახედიდან, რა იყო?
ამაზე მწარე რაღა უნდა მიმეღო, რაზეც ვილაპარაკე? არ შეიძლება მოდუნება, არასოდეს. ერთ ჩინურ ფილმში მოვისმინე, რომ ყველაზე წვრილმანი საქმისთვისაც კი ყველაფერი უნდა გააკეთო. ბევრ რამეს არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. მე მით უმეტეს, წვრილმანი კი არა, მთავარი ამბები გამექცა. ცხოვრება და ადამიანი თუ შედგეს, წვრილმან საქმეებსაც კი ბოლომდე უნდა ჩავეძიოთ, რომ მერე დიდებიც გამოვიდეს. ამაზე ვარ ორიენტირებული.
ახალ სიმღერებში ამაზეც ისაუბრებ?
მთლად რა მოვაწყენ თავს მსმენელს. ძალიან მინდა, რომ მთელი ალბომი „გულაობაზე“ იყოს, მაგრამ ცოტა რთული იქნება ეს ამბავი. ძალიან შევეცდები, შეიძლება, არ გამოვიდეს, მაგრამ არც წუწუნით მოვაწყენ ხალხს და არც რჩევებით.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი
ლოკაცია: რესტორანი „ვეფხი და მოყმე“