მაზერატი ბორა, ფოლკსვაგენ გოლფი, დოლორენის DMC12 (უკან მომავალში, გახსოვთ?) ეს სამი მანქანა იმ არაერთი ცნობილი ავტომობილთაგანია, რომლებმაც ატელიე იტალდიზაინს, საოცარი დიზაინებისთვის სახელი მოუხვეჭა. ამ ატელიეს, კიდევ ბევრი ისეთი პროექტი აქვს შემუშავებული, რომლებმაც საბოლოოდ თაროზე დაასრულეს არსებობა.
მათ შორისაა კონცეპტუალური ავტომობილი „იტალდზაინ კაფსულა“, რომელიც 1982 წელს შეიქმნა.
ეს არის საქალაქო ავტომობილის პროტოტიპი, რომელსაც კაბინის დიდრონი შუშები და გამოკვეთილი, ერთგვარად საერთო სტილიდან ამოვარდნილი წინა ნაწილი გამოარჩევს.
მისი მთავარი ღირსება კი ისაა, რომ სალონში დიდი სივრცე აქვს. იქ ხუთი ადამიანი კომფორტულად თავსდება, საბარგულს კი უჩვეულო ადგილი – სალონის ქვეშ არსებული სივრცე მიუჩინეს.
„კაფსულას“ წონა სულ რაღაც 950 კილოგრამია. მის გადაადგილებას „ალფა რომეოს“ წარმოების ოპოზიტური ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 107 ცხენის ძალაა. ეს კი მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ იყოს.
კაფსულას“ კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება ისაა, რომ მას მოსახსნელი ძარა აქვს. უფრო მეტიც, ჰიპოთეტური მყიდველის სურვილის შემთხვევაში, შასიზე სხვადასხვა ტიპის ძარები იდგმება. პლატფორმა მოდულურია, რასაც მაშინ წარმოებაში არავინ იყენებდა. წუთები იყო საკმარისი იმისათვის, რომ სამგზავრო ავტომობილი, ნახევრად სატვირთო პიკაპად, ან ფურგონად, ან თუნდაც სამედიცინო დახმარების ავტომობილად გადაკეთებულიყო.
ასეთია იტალდიზაინ კაპსულის ავტოსთორი.