“თუ ირანსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, თურქეთი აუცილებლად მოგვთხოვს ჯარის გატარებას აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერად და საჰაერო სივრცის დათმობას,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი წერს.
როგორც გოგოლაშვილი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ ალიევის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ასეთი გარანტიების მიღება იყო.
“თუ ირანსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო (მიზეზები ამისთვის საკმარისზე მეტია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), თურქეთი აუცილებლად მოგვთხოვს ჯარის გატარებას აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერად და საჰაერო სივრცის დათმობას (არ არის გამორიცხული, რომ ალიევის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ასეთი გარანტიების მიღება იყო). თუ თურქეთსა და აზერბაიჯანს დავეხმარეთ პრობლემა ირანთან, სომხეთთან და რუსეთთან ერთდროულად შეგვექმნება. ირანმა შეიძლება დრონები და რაკეტებიც კი დაუშინოს ჩვენს რკინიგზას და გზებს, როგორც მინიმუმ. თურქეთ-აზერბაიჯანისთვის უარის თქმის შემთხვევაში კი პრობლემა ამ ორ ზემოხსენებულ სტრატეგიულ პარტნიორთან, შესაძლოა ისრაელთან და იქნებ აშშ-სთანაც კი გაჩნდეს. თავისთავად რუსეთიც მოინდომებს სომხეთში დერეფნის გაჭრას, რომ ზანგეზურის დერეფანი დაიცვას. თან ამის ვალდებულებაც აქვს 2020 წლის (ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის) შეთანხმებით. არ ვცდილობ რაღაცის მტკიცებას, მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ვშიშობ, რომ მხარის არჩევა მოგვიწევს, რადგან ბალანსირება ასეთ ვითარებაში აღარ იმუშავებს. ალბათ ჯობია ახლავე მოვითხოვოთ სამხედრო დახმარება თურქეთისგან და დასავლეთისგან და კარგად მოვემზადოთ არასასურველი სცენარისთვის,” – წერს კახა გოგოლაშვილი.