„ქართული ოცნება“ 2028 წელსაც და შემდეგ არჩევნებშიც გაიმარჯვებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა – კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და „გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატების“ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს ქვეყანაში სხვა სიტუაცია იქნებოდა.
„ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს. თქვენ, რადიკალები უმცირესობაში ხართ. ძალიან ცოტა ხართ და ამაზე შეგუება მოგიწევთ. 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტს.
გურამ მაჭარაშვილი „ვიზალიბერალიზაცია მეგობრული ჟესტია, თუ შენ მას სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი?“
„საფუძვლები, რის გამოც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვირღვევია“ – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
თბილისის მერმა ასევე ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა „გაზულუქებულ ზოგიერთ ბიუროკრატებს“ დააკისრა.
კახა კალაძის შეფასებით, ისინი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.
კახა კალაძე: „ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი“
„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ გაზულუქებულ ზოგიერთ ბიუროკრატს, რომელიც ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკება. ჩვენ არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას, გინდ ევროინტეგრაციის პროცესით გვაშანტაჟონ, გინდ პირადად. საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ეს კარგად უნდა გაიგოს იმ ზოგიერთმა გაზულუქებულმა, კორუმპირებულმა, ევროპელმა ბიუროკრატმა.
ეს თავიდან ფეხებამდე ძალიან კარგად უნდა გაითავისონ. ჩვენ ბევრი ასეთი რეზოლუცია გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, ახლა ვიზალიბერალიზაციით და ასოცირების შეთანხმებით.
რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, თუ ვინმეს სურვილი აქვს ნახოს, რა აქვს საქართველოს ამ მიმართულებით გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და შესრულებული ვალდებულებებით.
ყველაფრით წინ ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მაგალითად, ჩვენზე ადრე მოიპოვეს კანდიდატის სტატუსი და გაუხსნეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ სხვა მოცემულობაა- საქართველოსთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება აქვთ იმიტომ, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ.
მხედველობაში მაქვს ევროპელი გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატები, ყველაზე საუბარი არ მაქვს. ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ქართველმა ხალხმა უთხრა მათ არა. რა თქმა უნდა, ეს აგიჟებთ მათ და ამიტომ არიან გაგიჟებული, ხან ვიზალიბერალიზაციით გვაშანტაჟებენ, ხან კანდიდატის სტატუსით და ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით“, – განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ელოდება თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერებას, კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
„ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დამატებით კითხვაზე, ვინ ართმევს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, კალაძემ უპასუხა, რომ „გაზულუქებული კონკრეტული ბიუროკრატები“. „ზუსტად ის გაზულუქებული კონკრეტული ბიუროკრატები, ვინც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის. საქართველოში „უკრაინიზაცია“ ვერ მოხდება“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დღეს არ არის საქართველოში ის სიტუაცია, რაც 2012 წლამდე იყო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარდება, ეკონომიკური ზრდა არის, ბიზნესი ვითარდება და სამუშაო ადგილები იქმნება.
კითხვაზე, როგორ აისახება მოქალაქეებზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი დედაქალაქში გაზრდილი ავტომობილების რაოდენობაა.
„გაიარეთ ქალაქში და ნახავთ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თუნდაც გადახედეთ ავტომობილების რაოდენობას, რამდენი იყო და რამდენი ავტომობილი გადაადგილდება დღეს დედაქალაქში.
რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობაზეც აისახება, პირდაპირ კორელაციაშია. შეგიძლიათ ნახოთ, ეს ერთ-ერთი პატარა მიმართულებაა, თორემ ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემაა“. – განაცხადა კახა კალაძემ.