თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ამილახვარი გუშინ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ წინა თვის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კახა კალაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 1,2% პროცენტით გაიზარდა.
ამილახვარის განცხადებით, პარტიის მოლოდინი გამართლდა და მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაზე აქტიურად გადავიდა და შესაბამისად, კალაძის შტაბის ხელმძღვანელის თქმით, რეიტინგიც გაიზარდა. როგორც მანვე აღნიშნა, ყველა ლოგიკის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ეს რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, და ეს უკვე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძე არის პრაქტიკულად უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატი მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებში. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისელებს ასეთი მხარდაჭერისთვის.
ამავე კვლევით, ასევე ქვეყნის მასშტაბით, პარტია „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 47.2% პროცენტი, რაც თავის მხრივ, ასევე, ადასტურებს, რომ კახა კალაძის გუნდი მყარი უმრავლესობით შევა თბილისის საკრებულოში. დღეს კახა კალაძე წარადგენს საკრებულოში თავისი გუნდის წევრებს, რაც ამ რეიტინგს კიდევ უფრო გაამყარებს,“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, კახა კალაძე და მისი შტაბი გადასულია აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე. მიდის ყველა უბანში, კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოსახლეობას პროგრამას აცნობს და მათ საჭიროებებზე ესაუბრება.
„ამის პარალელურად, ჩვენი ოპონენტებისგან ვხედავთ არა საარჩევნო პროგრამის გაცნობას მოსახლეობისთვის, არამედ იაფფასიან პროვოკაციებს თბილისის შტაბზე, რომელიც რამდენიმეჯერ მათმა აქტივისტებმა საღებავების შესხმით განახორციელეს.
ეს ყოველივე მიუთითებს, წინასწარ აღიარებულ მარცხს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი დედაქალის ამომრჩევლების მხარდაჭერით კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საკრებულოში მისი გუნდიც და შესაბამისად გაიმარჯვებს თბილისიც,“ – აღნიშნა ამილახვარმა.
ცნობისთვის, გუშინ გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კახა კალაძეს, როგორც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს მხარს გამოკითხულთა 61.4% პროცენტი დაუჭერს.