„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თელავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე კახეთის რეგიონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
კახა კალაძის თქმით, კახეთის რეგიონს ყოველთვის განსაკუთრებული ფუნქცია გააჩნდა საქართველოსთვის და დარწმუნებულია, დღესაც ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს რეგიონის მოსახლეობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უპასუხებს.
„მივესალმები მთელ საქართველოს კახეთის ამ უძველესი ქალაქიდან, სადაც მტერს ყოველთვის მტრულად ხვდებოდნენ და მოყვარეს მოყვრულად. კახეთის რეგიონს მუდამ განსაკუთრებული ფუნქცია და მნიშვნელობა გააჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე მრეწველობის, კულტურის, მწიგნობრობის კუთხით.
რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა გადაარჩინა ეს მხარე უამრავი შემოსევისგან, აურაცხელი მტრისგან.
აქ აღმართულ უდიდეს სალოცავებში დღესაც, პირველ რიგში, საქართველოს კეთილდღეობაზე და მშვიდობაზე ლოცულობს ჩვენი მოსახლეობა, რადგან მშვიდობა არის განვითარების, სტაბილურობის და წინსვლის გარანტი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.
მეგობრებო, ჩვენი არჩევანი დღესაც ქვეყნის გადარჩენაა და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. დღეს სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და სწორედ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი დღე, ჩვენი ოჯახების სიმშვიდე და სტაბილურობა, ჩვენი რწმენის და ტრადიციების ხელშეუხებლობა, საქართველოს გამთლიანება, რაც ყველას, თითოეული ქართველის ქართული ოცნებაა.
“- განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების უკან გარე ძალების ინტერესები დგას, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს ინტერესებთან.
ეს ბრძოლა არ არის მარტივი, რადგან იგი არ ემყარება არანაირ სამართლიანობას. დღეს თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია, აქვთ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. როდესაც ამ ყველაფერს არ ვეთანხმებით, გვაშანტაჟებენ სანქციებით, ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით. რეალურად ამ ყველაფრის უკან უცხო ქვეყნების გლობალური ინტერესებია, რომელსაც ვერ და არ შევწირავთ საქართველოს ინტერესებს. სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს არ მოხდება, ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ინტერესებს,“- აღნიშნა კახა კალაძემ.