პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას, რომლის თანახმად, ქმნის საჭირო უმრავლესობას, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.
კახა კალაძის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, რომ მითითებები მისცეს ხელისუფლებას.
„ჩვენ არავის ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს.
რას აკეთებს საქართველო, ზოგადად, რატომაა ეს დამოკიდებულება, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა? ისმის კითხვა, რატომ? რა არის ამის მიზეზი? ჩვენ კი ვიცით, ამის მიზეზი რა არის, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა.
საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს, ქვეყანაში უსაფრთხოებას, მშვიდობას, სიმშვიდეს და მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ქვეყნის ინტერესების დათმობა არ მოხდება! ეს უნდა გაიგოს ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, რომ მითითებები მისცეს ხელისუფლებას. ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში, სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის განვითარებას.
საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო“, – ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პოლონეთის პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე საუბრის დროს საქართველო ახსენა. მიი თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს.
მისივე განცხადებით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. ამასთან დონალდ ტუსკამ თქვა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ იმ ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში.