„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კვერცხებს ესვრიან.
კალაძის თქმით, მისთვის კვერცხების სროლა და ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა მიუღებელია:
„ზოგადად, კვერცხების სროლა, ნებისმიერი შეურაცხყოფა, ჩემთვის მათგან განსხვავებით, მიუღებელია. იმიტომ, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ახალისებენ ძალადობას. არ მახსოვს არცერთი მათგანისგან, მომესმინოს [განცხადება], თუნდაც ჟურნალისტების მიმართ როდესაც მიდის ძალადობა, შეურაცხყოფა.
ადამიანმა, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელებს და ადამიანებს ცოცხლად წვავდა, ეს ქალბატონი იყო ზუსტად, რომელიც იწყალებდა, ასეთ ადამიანს. მთელი პიარ-კამპანია მიმდინარეობდა, როგორმე გმირად შეერაცხათ, წარმოგიდგენიათ რასთან გვქონდა საქმე?
არ მახსოვს მათი მხრიდან არცერთი განცხადება დაეგმოთ ძალადობა, არცერთი განცხადება დაეგმოთ პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა, დევნა. მაგალითად, მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ, როდესაც ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა და უკნიდან ჩაარტყა, არ მახსოვს არცერთი განცხადება.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი და ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქმედებები. არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება. ჩვენ კონკრეტული ფაქტები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს და ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ”, – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, გუშინ, 17 თებერვალს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოგვიანებით კი გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.
დღეს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში ასევე კვერცხები ესროლეს.