„რამდენიმე ხნის წინ, დავაფუძნეთ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნების განვითარებას და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ქართველი სკულპტორების ნამუშევრების განთავსებას“, – ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ავლაბრის მოედნიდან, სადაც დავით ნათიძის ქანდაკება განთავსდა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის კონკრეტულ მოედნებზე, კონკრეტულ უბნებში გამოიყოფა შესაბამისი სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება:
„რამდენიმე ხნის წინ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი დავაფუძნეთ, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნების განვითარებას, ქართველი სკულპტორების ნამუშევრების განთავსებას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. აღნიშნული ფონდის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს – მართლაც ბევრი გვყავს ასეთი, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ასევე, ახალგაზრდები. ავლაბარში დავით ნათიძის მიერ შექმნილი სკულპტურაა განთავსებული, რომელიც ძალიან მოუხდა აღნიშნულ სივრცეს.
ქალაქის კონკრეტულ მოედნებზე, კონკრეტულ უბნებში გამოიყოფა შესაბამისი სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება.
გარდა ამისა, ვაპირებთ, რომ პარკებისთვის, იმ კონკრეტული პროექტებისთვის, რომელთა რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, მუნიციპალიტეტმა მსგავსი ნამუშევრები შეიძინოს, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მისცემს კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობას და სტიმულს. ჩვენი მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნათიძის ნამუშევარმა გაიმარჯვა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, თბილისი, ავლაბრის მოედანი“.
„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი (ააიპ) 2023 წელს თბილისის მერიამ დააფუძნა. მისი შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას. კერძოდ, წაახალისოს საჯარო სივრცეებში თანამედროვე შემოქმედებითი ინტერაქციები; ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ხელმისაწვდომობას; მხარი დაუჭიროს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში; ასევე ხელი შეუწყოს ქალაქის კულტურული იერსახის განვითარებას. ამ ამოცანების შესასრულებლად ფონდი აცხადებს ღია კონკურსებს თანამედროვე ხელოვანებისთვის. მიმდინარე წელს ფონდმა რამდენიმე მსგავსი პროექტი განახორციელა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.