სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრნენ?! ეს მიუთითებს, რომ რასაც „დიფ სთეითი“ ავალებს ამ უსამშობლო ადამიანებს, ვალდებულები არიან ყველაფერი შეასრულონ, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე საუბრობს.
მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თუ ხელს უწყობდნენ რუსების საქართველოში ჩამოსვლას, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვხედავთ რა განცხადებები კეთდება, რაც „სამწუხარო რეალობაა“.
„რაც შეეხება პრემიერის წერილს, ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს სწორი ანალიზი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო ადამიანები მათი სამშობლო „დიფ სთეითია“.
გვახსოვს, 2008 წელს, როდესაც საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, გაგვინადგურეს ინფრასტრუქტურა, მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვეღუპა, ამ ყველაფრის შემდეგ რა პოლიტიკას ახორციელებდა მაშინდელი ხელისუფლება?
მოწოდებები [რუსების] საქართველოში ჩამოსვლაზე…. გვახსოვს, სააკაშვილი, ია-ვარდებით და ყაყაჩოებით ხელში როგორ ხვდებოდა რუს ტურისტებს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება, აგენტები არიან. კითხვის დასმის უფლება არ აქვთ. როგორც ჯარში მსახურობენ ჯარისკაცები, ისე ემსახურებიან „დიფ სთეითს“.
2008 წელს, როდესაც ქვეყანა დაბომბეს, დაკარგეს ტერიტორია, უფლებაც კი არ მისცეს, რომ ამ ყველაფერზე ესაუბრათ. პირიქით, ყველაფერი გააკეთეს…მიესალმებოდნენ რუსების ჩამოსვლას, ხელს უწყობდნენ განცხადებებით და ქმედებით. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვხედავთ რა განცხადებები კეთდება. ეს არის სამწუხარო რეალობა.
ფარისევლობაა რასაც ვისმენთ და აკეთებს კონკრეტული პოლიტიკოსი თუ „ენჯეოშნიკი“, ჩვეულებრივი ფარისევლური განცხადებები იყო. მშვილდაძე, ელენე ხოშტარია, პირდაპირ საუბრობდა და მიესალმებოდა [რუსების ჩამოსვლას]….2008 წლის ომის შემდეგ პერიოდზე არის საუბარი. ამის შემდეგ დედაქალის მერი წერილებს აგზავნიდა ოფიციალურად, რათა რაღაც კულტურული ურთიერთობები დაერეგულირებინათ, მოწვევებს აკეთებდნენ, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ. ამ ადამიანებს, რასაც ეუბნებოდნენ თავდახრილი აკეთებდნენ. უფლება არ აქვთ დასვან შეკითხვა: რატომ? – აღნიშნა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე ისაუბრა. მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარი „რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომიდან მალევე, საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების გაღრმავებას მიესალმებოდნენ“.
„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.
არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია“, – დაწერა ირაკლი კობახიძემ.
