„ახალი არაფერია, არც პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება, შანტაჟი კარგა ხანია მიმდინარეობს და გრძელდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი შიდა დაძაბულობისთვის, რადიკალური ჯგუფების გამოღვიძებისა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის გამოიყენება.
მისივე განცხადებით, მთავარი არა ვიზალიბერალიზაცია, არამედ საქართველოს ინტერესია.
„ახალი არაფერია, არც პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება, შანტაჟი კარგა ხანია მიმდინარეობს და გრძელდება, ჯერ კანდიდატის სტატუსის მოცემა – არ მოცემის საკითხი იყო, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა – არ გახსნის, ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის შანტაჟის მექანიზმად იყენებენ, ეს დამოკიდებულება წარმოუდგენელია. არავის არ ვერჩით და თავს არ ვესხმით, ჩვენ ქვეყანასა და მის ინტერესებს ვიცავთ და არ გვინდა ვინმეს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა ცუდ კონტექსტში, სათავისოდ გამოიყენოს. ჩვენ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ და იმიტომ გვინდა ევროპა, რომ ევროპული ღირებულებები – სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა გვინდა. გვახსოვს წლები, როდესაც ეს ღირებულებები ფეხქვეშ იყო გათელილი, ასევე განსხვავებული აზრის დევნა, ბიზნესის ტერორი, ღამის საათებში ციხეებში შესვლა და ბიზნესის გადაფორმებები ხდებოდა და ამას ევროპელი ბიუროკრატები დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. ასეთი დემოკრატიის შუქურა თავისთვის დაიტოვონ, ჩვენ ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას ვაშენებთ და ქვეყნისა და ხალხის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.
ევროინტეგრაციის პროცესი გამოიყენება შიდა დაძაბულობისთვის, რადიკალური ჯგუფების გამოღვიძებისა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის. გვახსოვს როგორ ხდებოდა სხვადასხვა თემების გამოყენება, მაგალითად კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საკითხი, რომ რევოლუცია მოეწყოთ, დაპირისპირება და სახელმწიფო გადატრიალება და არ გამოუვიდათ. შემდეგ შემოიტანეს მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ახლა ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი – დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
დღეს ყველა ქართველი, ამ ქვეყანაში დაბადებული ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს და პატრიოტია ამაყობს, რომ ვერავინ ბედავს საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას მითითებები მისცეს. მბრძანებლური ტონი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, ასე საუბარს ვეღარ ახერხებენ, სწორედ ამას ებრძვიან და ამიტომ არიან გაგიჟებულები“, – თქვა კახა კალაძემ.