12 აპრილს, „ალქიმიაში“ კახა კუხიანიძის ახალი სიმღერისა და ვიდეოს პრემიერა შედგა. სიმღერა სახელწოდებით „შენამდე“ მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ტექსტი – მომღერალ თემო საჯაიას. განსაკუთრებულია კომპოზიციის არანჟირება, როიალზე პაატა ანდრიაძე უკრავს. მისი შესრულება შესანიშნავია და ძალიან საინტერესოდ ავსებს კომპოზიციას. კახა კუხიანიძის ვოკალური მონაცემები და მიდგომა სიმღერასთან გუშინდელ საღამოზე ყველამ ერთხმად აღნიშნა და მოიწონა. რაც შეეხება ვიდეოს, ის მარიკა ქურდუბაძემ გადაიღო რამდენიმე ადამიანთან ერთად, კლიპი საკმაოდ სადა, ლამაზი და სასიყვარულო სიმღერის შესაბამისი გამოვიდა.
პრეზენტაციის შემდეგ კახა და მისი კოლეგები ჩავწერეთ, რომლებიც კლიპის პრემიერას ესწრებოდნენ.
კახა კუხიანიძე:
იმდენად საპასუხისმგებლო იყო, რომ ჩემი ნამუშევარი გამეზიარებინა ჩემი კოლეგებისთვის, მოწვეული სტუმრებისთვის, რომ გამოგიტყდები და ძალიან ვნერვიულობდი, სანამ შედგებოდა პრეზენტაცია. ძალიან კმაყოფილი ვარ, მოვეშვი, დავიღალე სასიამოვნოდ. ვარ ბედნიერი, რომ ის მოხდა, რაც მინდოდა, დიდი მადლობა ყველას ასეთი სითბოსთვის და სიყვარულისთვის. მადლობა მაიკოს, თემოს, პაატას, მარიკას, რამაზსა და გეგის. ასევე დიდი მადლობა მაგდას, რომელმაც მთელი თავის ენერგიიით გაუკეთა ამ საღამოს ორგანიზება ფანტასტიკურად და მადლობა „ალქიმიას“, რომელმაც არაჩვეულებრივად გვიმასპინძლა.
მაიკო, აღინიშნა, რომ ეს სიმღერა შენი სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებულია…
მაიკო კაჭკაჭიშვილი:
(იღიმის) ნამდვილად არ არის ასეთი განსხვავებული, აქაც იგრძნობა ჩემი ხელწერა. ეს მოსაზრება, ალბათ, იმის გამო გაჩნდა, რომ არანჟირებაა სხვანაირი… ვფიქრობ, კახამ ეს სიმღერა საუკეთესოდ შეასრულა და ამას ყველა აღნიშნავს.
ეს სიმღერა ერთ-ერთმა პირველმა მოვისმინე. მე და კახა დიდი ხნის მეგობრები ვართ. იმდენად მომეწონა, რომ მანქანაში ვრთავდი და ვუსმენდი ხოლმე. ძალიან მომეწონა კლიპი და მიხარია, რომ დღეს მისი პრეზენტაცია შედგა.
კახასთვის არ გისაყვედურია, რომ არ აქტიურობდა?
არ მისაყვედურია, რადგან სასაყვედურო მაშინაა, როდესაც გაქვს საშუალება და არ აკეთებ. აქტიურობას შესაბამისი ფინანსები სჭირდება.
ია ჩანტლაძე:
ძალიან მომეწონა კლიპიც, სიმღერაც და განსაკუთრებით მომეწონა არანჟირება, პაატა ანდრიაძის შესრულება. ვფიქრობ, კახა ამ სიმღერას ძალიან კარგად მღერის. ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ.
ვერიკო ტურაშვილი:
ძალიან მომწონს, მაგარია სიმღერაც და არანჟირებაც, რომელიც ერთი სიმღერის ფასია. კახას ნამღერი შესანიშნავია. ვულოცავ! ჩემი უახლოესი მეგობარია და მისი წარმატება საკუთარივით მიხარია.
ნინო მურღულია