„ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე უფრო „ქართული ოცნების“ ნაწილია, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტიის“, – ამ განცხადებით „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მისვლას გამოეხმაურა.
როგორც კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, ასე „პირადი ინფორმაციის და ანალიტიკური ინსტინქტების“ საფუძველზე ფიქრობს.
„ჩემი ღრმა რწმენით, ბატონი ვაშაძე დღეის მოცემულობით ნამდვილად აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი. ვფიქრობ, ის უფრო „ქართული ოცნების“ ნაწილია, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტიის. ამას ვამბობ ჩემი პირადი ინფორმაციის და ანალიტიკური ინსტინქტების საფუძველზე.
ცალსახად რაც ვიცი, ბატონი ვაშაძე ნამდვილად არ წარმოადგენს ოპოზიციურ ფრთას. ჩემი აზრით, ის ბევრად უფრო ახლოს არის „ქართულ ოცნებასთან“, ვიდრე ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ეს მისი არჩევანია და აკეთებს იმას, რასაც აკეთებს“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს აგვისტოს ომი, არამედ მათ აინტერესებთ საინფორმაციო ველზე პოლიტიკური კრიზისიდან აქცენტების საგამოძიებო კომისიაზე გადატანა.
ნიკა მელია: „გრიგოლ ვაშაძემ და თეა წულუკიანმა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები სააკაშვილთან, მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს“
„მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს“
„ე.წ. საგამოძიებო კომისიამ შემოგვთავაზა ახალი საინფორმაციო დისკუსიის წარმოქმნის მცდელობა საქართველოში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოუვიდა კიდეც.
მე არ მჯერა იმისა, რომ ამ ადამიანებს აინტერესებთ ან აგვისტოს ომი, ან აგვისტოს ომის რეალური გამოძიება, განსაკუთრებით სიღრმისეული ანალიზის დონეზე. ამ ადამიანებს, ჩემი აზრით, წარმოდგენა არ აქვთ არც კონფლიქტზე, არც კონფლიქტის გენეზისზე“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.