რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, მუსიკოსი, კახაბერ ცისკარიძე, რომელიც თავის საქმიანობასა და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე ისაუბრა
შენს ბავშვობაზე გვესაუბრე…
პირველად ინსტრუმენტს 6 წლის ასაკში შევეხე და ვიგრძენი, რომ რიტმი და მუსიკა არის ჩემი ცხოვრების მთავარი განწყობა, რომელიც აგერ უკვე 30 წელია, მთელ საქართველოსაც უქმნის განწყობას. რა თქმა უნდა, ოჯახმა შემიწყო ხელი, მადლიერი ვარ ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების, რომლებიც დადებით იმპულსებს მჩუქნიან. არჩევანის ხელშეწყობა, თავისუფლება და იმის დანახვა, რა შეიძლება მოსწონდეს ბავშვს, უმნიშვნელოვანესია. ჩემი ძმა ხმის რეჟისორია, მაშინ მას უკვე ჰქონდა მუსიკასთან შეხება და ამანაც შემიწყო ხელი. 15 წლის რომ ვიყავი, ჯაზ-ფესტივალზე გამოვდიოდი, როგორც დრამერი, საუკეთესო მუსიკოსების სიაში შემიყვანეს. „ჯაზ-ფიუჟენს“ ვუკრავდით. მაშინ მხოლოდ ჯაზს ვუსმენდი და ჯაზს ვუკრავდი. მანამდე ამერიკაში, ლუი არმსტრონგის სკოლაში ვსწავლობდი, უკრაინასა და რუსეთშიც ვმოღვაწეობდი. ის მუსიკის ინსპირაცია, რასაც ახლა ვქმნი, ჯაზიდან მაქვს მიღებული. მაშინვე მინდოდა ქართული ელექტრო ეთნო მუსიკის შექმნა.
ვინ იყოს შენი პირველი შემფასებელი?
ჩემი ძმა, ასევე იმ პერიოდში ძალიან მაგარი ჯაზმენები. მინდა ვთქვა, რომ მამა გარდამეცვალა და სულ ვნანობ, რომ ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას, თუმცა მის თანაგრძნობას მუდამ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი.
როგორ მოხდა შენი ტრანსფორმაცია ჯაზიდან იმ მუსიკამდე, რასაც ახლა ქმნი?
ვიზუალიც მაძლევდა საშუალებას, რაღაც ახალი შემექმნა. გადავწყვიტე საკუთარ თავზე მუშაობა. მინდოდა, ყველაფერი შემეცნებით-გასართობი ყოფილიყო. როცა გადავწყვიტე, რომ მინდოდა, პოპულარული გავმხდარიყავი, ამას 6 თვეში მივაღწიე, არადა, მაშინ დიდი კონკურენცია იყო, უამრავი კლიპი გადიოდა. ჩემი ძირითადი პროექტი დღემდე „კახაბერი და ხანუმებია“.
შენი პირველი წარმატება…
პირველი წარმატება იყო 1999 წელს, ბათუმში, ძველ სტადიონზე, კონცერტს 60 ათასი ადამიანი დაესწრო. ეს იყო ომის შემდეგ ყველაზე გრანდიოზული კონცერტი. ხალხი მთელი აჭარის რეგიონიდან ჩამოვიდა.
ვის ეძღვნება შენი მუსიკა?
მე ჩემს მუსიკას, ჩემს შემოქმედებას ვუძღვნი ჩემს ქვეყანას, დიდი სიამაყით. მინდა მსმენელს ვუთხრა, რომ ბათუმში, 3 მაისს, „ბათუმობაზე“, „კახაბერი და ხანუმები“ შემოგთავაზებთ გრანდიოზულ კონცერტს. 27 მაისს კონცერტს ასევე ვატარებთ ბაქოში. კარგი დღეა იმისთვის, რომ დავაფუძნოთ ყოველწლიური კონცერტების სერია ბაქოში, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, 28 მაისს კი აზერბაიჯანი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. აქვე ჩემი ხანუმები მინდა მოვიკითხო, ჩემი ანგელოზები, ეკა გურეშიძე, ანა ფილფანი და დიანა ზურაბიანი, უცვლელი ხანუმები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ეს პროექტი, ჩემი ხედვა გაამყარეს. უკვე 14 წელია, ერთ გუნდად ვართ.