შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“დაკავებულია 1970 წელს დაბადებული გ.გ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამივე დაშავებული გადაყვანილი არიან კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ერთ-ერთ ფერმაში დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა.
ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
