ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარულ მსახიობ კახი კავსაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.
ცნობილია, რომ კახის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა შვილიშვილთან, ირინკა კავსაძესთან.
ბაბუის იუბილესთან დაკავშირებით ირინკამ „ინსტაგრამზე“ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და კახისთან გადაღებული ფოტოც დაურთო.
„კახო 86. პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი, ასე დაამთხვიე 40. ძალიან დიდი სიჩუმე და სიცარიელე დატოვე, მაგრამ ვიცი რომ იქ შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მასხარაობ იმ არაჩვეულებრივ თეატრში. უზომოდ მიყვარხარ და მაკლიხარ ბაბუშკო“ – წერს ირინკა.
კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა. ლეგენდარული მსახიობი 27 აპრილს გარდაიცვალა.
კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.