ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური შოუს, „მიმღერეს“ V სეზონში მაყურებლის წინაშე ძმისშვილთან, ირაკლი კავსაძესთან ერთად ცნობილი საოპერო მომღერალი, მსახიობ კახი კავსაძის ძმა – იმერი კავსაძე წარდგა.
მუსიკალურ სცენაზე იმერი კავსაძის დაბრუნება აუდიტორიისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა – ოპერის მომღერალი, რომელმაც კარიერა 2013 წელს დაასრულა, ძმისშვილს დასთანხმდა, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა მასთან ერთად მიეღო.
იმერი კავსაძე პროექტის შესახებ საუბრობს ჟურნალ „სარკის“ 25 ივნისის ნომერში, რუბრიკაში „დედმამიშვილები“ და ძმას, კახი კავსაძეს და მათ დედმამიშვილობას ემოციურად იხსენებს.
„ისეთი ძმობა გვქონდა… მე და კახი ფიქრშიც ვერ გავივლებდით კამათსაც კი. ჩვენ შორის სერიოზული წალაპარაკებაც არ მახსოვს… ჩვენ შორის იმდენი საერთო იყო… იცით, რითი განვსხვავდებოდით? კახი ჩემზე 15 სანტიმეტრით მაღალი და ფიზიკურად ყოველთვის ჩემზე ძლიერი იყო. სხვა მხრივ კი, ერთნაირები ვიყავით…
კახი დღემდე სულ ჩემთან არის. მგონია, რომ დროებით წავიდა სადღაც. მე კი, 4 წელია, ველოდები და აღარ გამოჩნდა. სულ ჩემთან არის, ოღონდ ფიზიკურად ვერ ვგრძნობ მის არსებობას, ისე კი არც მომშორებია.
სულ ველაპარაკები და ხანდახან, როცა მომაწვება კაეშანი, ვსაყვედურობ, რა ქენი ეს, კახი, სად ხარ-მეთქი. მერე კი ვეუბნები, არა, აქ ხარ, არსადაც არ წასულხარ-მეთქი. ასე რომ, ვერ ვგრძნობ, რომ აღარ არის. ერთი ეგ არის, რომ ვესაუბრები, მისი ხმა არ მესმის და აღარც მისი ზარი შემოდის ყოველდღიურად ჩემს ტელეფონში“, – აღნიშნავს იმერი კავსაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.
კახი კავსაძის ფოტო სლაიდზე: ფოტოგრაფი მინდია მიდელაშვილი