„ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს, თუნდაც პრემიერ-მინისტრს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, „თავის დროზე სიმართლე ეთქვათ მეგობრებისთვის, ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება არ ყოფილიყო“.
კალიურანდი: დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა - არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა
„წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია.“
„ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ხელისუფლება, ვინც ისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ, ვინც მიისწრაფვის იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ჩვენი ოჯახის გაწევრიანება ევროპულ, დიდ ოჯახში.
რეალურად, ვისაც კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული, ეს არის „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მოყოლებული, მაგრამ არის მეორე თემა, ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ, როდესაც სიმართლეს ეუბნებიან.
მესმის, რომ მწარე მოსასმენია და რთულია მათთვის სიმართლე, თუმცა ჩვენ, რომ ეს თავის დროზე გაგვეკეთებინა და სიმართლე გვეთქვა, თუნდაც, ჩვენი მეგობრებისთვის, დარწმუნებული ვარ, ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება არ ყოფილიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დასმულ კითხვაზე კი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა, NATO-ს გაფართოებას და ევროპარლამენტარების მისამართით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, კალაძემ უპასუხა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს უცხოელი მეგობრების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება გამოიხატა:
„ახლა გაიგეთ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა? ახლა მოისმინეთ პირველად? მაკრონის განცხადებები არ მოგისმენიათ? სხვა, ჩვენი უცხოელი მეგობრების განცხადებები არ მოგისმენიათ ამასთან დაკავშირებით? ქალბატონ ვიოლას განცხადება არ მოგისმენიათ? რა თქმა უნდა, ევროპულ მომავალზე იყო საუბარი და მოვისმინე. არაერთი განცხადება მაქვს მოსმენილი.
ზელენსკის განცხადება არ გაქვთ მოსმენილი? მესმის, რომ მწარეა სიმართლე და არ სურთ, მისი მოსმენა. ის უბედურება, რაც 2008 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი დაიღუპა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რა იყო, რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება. აი, ეს არის რეალობა“. – განაცხადა დედაქალაქის მერმა.