„არ მინდა, პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას – ქართველ ხალხს ყოველთვის ისტორიულად ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა უკრაინელ ხალხთან და ამ ურთიერთობას ვერაფერი და ვერავინ ვერ შეაჩერებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, საქართველო უკრაინელ ხალხს გვერდით უდგას და ეს კონკრეტული ქმედებებით გამოიხატება.
„ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მიმართ ჩვენი თანადგომა იყო, ასევე ჰუმანიტარული დახმარება, საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მიმართ როგორი მხარდაჭერა, თანადგომა იყო და ეს დღესაც გრძელდება.
ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობას. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, არ მინდა, პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას.
რაც შეეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციების მიერთებას, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესიდან. არაერთხელ გვითქვამს და დაგვიფიქსირებია, რომ პირველია ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შესაბამისად, არ და ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე ვიცით, შეიძლება, დამაზიანებელი იყოს საკუთარი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს.
რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ბრალდებული, დამნაშავე კონკრეტულ საქმეებში, მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“. – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინასთან „ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”.
გენერალურმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის შესაბამის უწყებებს მიმართა.