თბილისის მერის განცხადებით, ვაკის პარკში შადრევნის პროექტი დასრულებული იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ადგილზე შესაბამისი ტესტირება მიმდინარეობდა:
„ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო შადრევანი ხელით მართვაზე და თუკი ბოლომდე გამართული არ იყო, რატომ გახსნეს, საპასუხოდ კალაძემ აღნიშნა:
„ამასთან დაკავშირებით თქვენ მოგეცათ ახსნა-განმარტება, თუმცა თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ნარატივი, რეალურად, საერთოდ არ გაინტერესებთ, რა მოხდა, საერთოდ არ გაინტერესებთ იმ ოჯახის უბედურება, საერთოდ არ გაინტერესებთ გარდაცვლილი ახალგაზრდა.
თქვენ გაქვთ ერთადერთი – პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორმე კახა კალაძე გადადგეს, გადააყენოთ იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და აჯანჯღაროთ ქვეყანა. საერთოდ არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე, რა იყო პრობლემა, რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემებმა…
მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავა დამცავმა რელემ თუ ავტომატებმა, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, რა იყო პრობლემა და მიზეზი, რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ.
რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიმდინარეობს, თუ რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, გავიგოთ რა მოხდა. არ მინდა ჩემი რაიმე განცხადებით ხელი შევუშალო გამოძიებას. რაც შეეხება ვახტანგიშვილს, ვახტანგიშვილის ფრაზა ეხებოდა ხარვეზის გამოსწორებას, როდესაც ასეთი მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს ბევრია ხარვეზი და ბევრჯერ ხდება ხარვეზის გამოსწორებაზე მითითება“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსატანად სამი მოზარდი ჩავიდა, რომელთაც დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 9 პირი.