„მამული, ენა, სარწმუნოება“ – დიდი ქართველი მოაზროვნის, წმინდა ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გზა გვაქვს კიდევ გასავლელი. საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ისტორია და მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „დღეს ჩვენი ვალდებულებაა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის მთავარი საუნჯე, რასაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება და ამ ღირებულებებით გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა“.
„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, შოპინგი, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ეს არის ღირებულებები და სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ, ევროპული ღირებულებები გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ჩვენს ყოველდღიურობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმითვე, ყველა წარმატება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს, „ქართული ოცნების“ გუნდთან ასოცირდება:
„ოჯახის ინსტიტუტი, რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა იყო და არის ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით არის გამყარებული. ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ზოგადად, ყველა წარმატება, რაც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს, ასოცირდება იმ გუნდთან, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. დღეს ჩვენი ვალდებულებაა – გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის „მთავარი საუნჯე“, რასაც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფო და ამ ღირებულებებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.