„ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, მხოლოდ და მხოლოდ, არჩევნების გზით მოხდება და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა არავის მიეცემა“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, რეალობაა და რადიკალური დაჯგუფებები ცდილობენ, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ.
„მინდა ვუთხრა ივანიშვილს: ახლა სწორედ დროა, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე” – მიხეილ სააკაშვილი
„ჩემი დასჯა საქართველოს სირცხვილია. რა თქმა უნდა, ხალხი უნდა იყოს პროტესტში მუდმივად სხვადასხვა ადგილას".
„თემა მარტივია და ძალიან მარტივი ენით ვიტყვი: როდესაც ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, დააკვირდით – რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ ყველაფერზე.
მიზანმიმართული ქილიკი მიდის, რომ შესაბამისი უწყების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამის მცდელობა აქვთ, თუმცა ის, რაზედაც სუს-ის მხრიდან იყო საუბარი, რეალობაა. არ იფიქროთ, რომ კონკრეტული დაჯგუფებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მხოლოდ თავიანთი თავებით მოქმედებენ. მათ აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ. მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში არეულობა მოხდეს და ხელისუფლება დაემხოს ყველანაირი გზით.
მერწმუნეთ, არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაშინებ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მშვიდად იყავით, მეგობრებო! ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენ ხალხს, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღესაც!“ – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„ეს ადამიანები, იგივე სააკაშვილის, ბატონი ვაშაძის განცხადება იარაღის ხელში აღებასთან დაკავშირებით, თუნდაც თავიანთი განცხადებებით სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ადასტურებენ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით! არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება შემოიტანონ და ხელისუფლების დამხობა სცადონ. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმებით განხორციელდება.
მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხვალ ხელისუფლებაში და ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი. ვინც არაკანონიერ ქმედებებს დააპირებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.