„ერთადერთი, რაც შეგვიძლია არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ თბილისში თბილისში ყოველთვის უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული.
თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო
კახა კალაძემ შესაბამის უწყებებს დაავალა, დედაქალაქის მასშტაბით, ყველა იმ სამუშაოს ინსპექტირება განხორციელდეს, რომლის ექსპერტიზაც „მშენექსპერტმა“ ჩაატარა.
როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „მშენექსპერტი“ არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება:
„მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“.
ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაღა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას, დღეს მთავრობის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ და ვერ იქნება, რადგან განსხვავებული ფორმატია, შესაბამისად მთავრობის სხდომა დასრულებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.