56 წლის კამალა ჰარისი დღეს მსოფლიოში ყველაზე განხილვადი პერსონაა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ცნობილი გამოცემის ,,ვოგის” თებერვლის ნომრის გმირი გახდა. ახალი ნომრის გამოსვლამდე თვეზე ნაკლები რჩება, ვიცე-პრეზიდენტის გარშემო კი პირველი სკანდალი უკვე აგორდა. საქმე იმაშია, რომ გარეკანისთვის გადაღებულ ფოტოებზე კამალა კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში პოზირებს და ასეთი ფოტო სულ ორია. ერთ ფოტოზე მას შავი შარვალი და პიჯაკი, ხოლო მეორეზე ცისფერი აცვია. როგორც ჩანს, ჰარისის პიარ სამსახურს გათვლილი ჰქონდა, რომ გარეკანზე იმ ფოტოს გაიტანდნენ, სადაც ჰარისი ცისფერ პიჯაკში პოზირებს, ხოლო რედაქციამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
ახალ ფოტოებზე, რომელიც უკვე გავრცელდა ინტერნეტში, კამალა ჰარისი კედებშია გამოწყობილი. ინტერნეტ მომხმარებელთა მხრიდან ამ ფაქტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მკითხველები მიიჩნევენ, რომ ეს კამალა ჰარისის უპატივცემულობაა. ფაქტით უკმაყოფილოა თავად ჰარისის გუნდიც, თუმცა “ვოგის” რედაქცია განმარტავს, რომ სწორედ ეს სტილი ასახავს კამალა ჰარისის რეალურ სახეს, რადგან მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჰარისი კედებში იყო გამოწყობილი.